საქართველო

უკრაინის საგარეო უწყება სააკაშვილს აფრთხილებს, თავი შეიკავოს საქართველოში დამოურჩლებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჯარო პირებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციების მოწოდებებისგან და აღნიშნავს, რომ მსგავსი განცხადებები შესაძლოა სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევად იყოს შეფასებული, რასაც უკრაინა კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ აფრთხილებს უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საჯარო პირები არიან, თავი შეიკავონ მეგობარ სახელმწიფო საქართველოში დაუმორჩლებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან. ასეთი განცხადებები შესაძლოა, შეფასებული იყოს როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევა. უკრაინის სახელმწიფოს არასდროს მიუმართავს, არც მომავალში მიმართავს ასეთ ჩარევებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო არენაზე ამგვარ ქმედებებს.

საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია, გარდა ბრალმდებლის ემოციების. უკრაინული დიპლომატია არ მოცდება მათ გამო და გააგრძელებს რუსული ჰიბრიდული აგრესიისთვის ეფექტიანად წინააღმდეგობის გაწევას, უკრაინის მხარდასაჭერად მსოფლიოს მობილიზებას, უკრაინელი ექსპორტიორებისთვის ახალი ბაზრების გახსნას და საზღვარგარეთ თანამემამულეების უფლებების წარმატებით დაცვას“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე საქართველოში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქის საქმეს ეხმაურება და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ამ საქმის სწრაფი და მიუკერძოებელი განხილვისკენ.

„ერთ-ერთი ბოლო რეზონანსული შემთხვევა, როდესაც უკრაინელებს საზღვარგარეთ დასჭირდათ თავიანთი სახელმწიფოს დახმარება, იყო საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების მიერ ხომალდის დაკავება, რომლის ბორტზეც იმყოფებოდა უკრაინის ორი მოქალაქე – ვლადიმირ დიაჩენკო და იური ხომიჩი, ასევე საქართველოს მოქალაქე მიხაილ ბატურინი. ამ საქმეში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისამართით უმოქმედობის ბრალდებები უსაფუძვლოა და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

ეს საკითხი თბილისში უკრაინის საელჩოს მუშაობის ძირითად პრიორიტეტებს შორის არის. მათ გასათავისუფლებლად საელჩომ ჩაატარა მრავალი შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პროკურატურის ხელმძღვანელობასთან. ჩვენი საელჩოს კონსული დაეხმარა დაკავებული უკრაინელების ახლობლებთან დაკავშირების უზრუნველყოფაში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოში უკრაინის საელჩომ გაგზავნეს შესაბამისი ნოტები და წარადგინეს შუამდგომლობა, რომ თავდებად დაუდგნენ უკრაინის დაკავებულ მოქალაქეებს.

უკრაინელი დიპლომატები მეზღვაურების გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებენ, რაც შესაძლებელია და შეუძლებელია, რადგან უკრაინული სახელმწიფო არასდროს ტოვებს თავის მოქალაქეებს ბედის ანაბარა.

ვსარგებლობთ შემთხვევით, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას ამ საქმის სწრაფი და მიუკერძოებელი განხილვისკენ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და უკრაინის მოქალაქეების გათავისუფლებისკენ“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.