მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპმა მოუწოდა ბაიდენს, გაათავისუფლოს 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის ბრალდებით დაპატიმრებული „მძევლები”

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, კლინტონში, გამართულ საარჩევნო კამპანიაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა გაათავისუფლოს მეამბოხეები, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო პატიმრობაში იმყოფებიან.

„გაათავისუფლე 6 იანვრის მძევლები, ჯო”, – თქვა ტრამპმა. „გაათავისუფლე ისინი, ჯო. შენ შეგიძლია ამის გაკეთება ძალიან მარტივად, ჯო“.

ტრამპმა ეს კომენტარი აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმის დღიდან სამი წლის შემდეგ გააკეთა. გაურკვეველია, ვის გათავისუფლებას გულისხმობდა იგი, რადგან ბევრმა მათგანმა, ვინც დანაშაულისთვის იყო გასამართლებული, უკვე მოიხადა სასჯელი.

„მათ საკმარისად განიცადეს ტანჯვა“, – თქვა ტრამპმა აიოვას შტატში ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლისას. „მე მათ მძევლებს ვეძახი, ზოგი მათ პატიმარს უწოდებს“.

CBS-ის ცნობით, კაპიტოლიუმზე თავდასხმასთან დაკავშირებით ამ დრომდე ბრალი დაახლოებით 1200 ადამიანს წაუყენეს. 700-ზე მეტმა აღიარა დანაშაული და მათი უმეტესობა წვრილმანი დანაშაულისთვის გასამართლდა, ხოლო 100-ზე მეტს განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა ან ვაშინგტონის სასამართლო კოლეგიამ გამოუტანა. ბევრმა მათგანმა, ვინც დანაშაული აღიარა, უკვე დაასრულა სასჯელის მოხდა.

აჯანყებასთან დაკავშირებული ყველაზე მკაცრი სასჯელი გამოუტანეს Proud Boys-ის ლიდერს, ენრიკე ტარიოს, რომელსაც თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობისთვის 21-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს გასული წლის სექტემბერში და Oath Keepers-ის დამფუძნებელ სტიუარტ როუდსს, რომელსაც 2022 წლის მაისში 18 წელი მიუსაჯეს.

5 იანვარს, პენსილვანიის შტატში, ვალი ფორჯში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამბოხებულებს „ტრამპის ბრბო“ უწოდა.

„ტრამპის ბრბო არ გამოხატავდა მშვიდობიან პროტესტს; ეს იყო ძალადობრივი თავდასხმა. ისინი იყვნენ აჯანყებულები და არა პატრიოტები. ისინი იქ არ იყვნენ კონსტიტუციის დასაცავად, ისინი იქ კონსტიტუციის დასანგრევად იმყოფებოდნენ“, – თქვა ბაიდენმა.

GUARDIANGE