ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ტრამპმა განაცხადა, რომ გერმანია „სრულად არის რუსეთის მიერ გაკონტროლებული“, რაც „ძალიან ცუდი რამაა ნატოსთვის“

ნატოს სამიტის წინ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბერლინის მიერ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწეული თავდაცვის ხარჯებისა და რუსეთის გავლენის თაობაზე.

ტრამპმა თქვა, რომ გერმანია „სრულად არის რუსეთის მიერ გაკონტროლებული“, რადგან ის დიდი ოდენობით ბუნებრივი გაზის იმპორტს ახდენს რუსეთიდან და ეს „ძალიან ცუდი რამაა ნატოსთვის“.

მერკელმა მისი ამერიკელი კოლეგის კრიტიკისთვის პასუხის გაცემა არ დააყოვნა და განაცხადა, რომ გერმანია დამოუკიდებელი სახელმწიფოა და თავად იღებს გადაწყვეტილებებს.

ტრამპი და მერკელი ოთხშაბათს, ნატო-ს სამიტის ფარგლებში უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, მომავალი კვირის დასაწყისში, 16 ივლისს, კი ჰელსინკში ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს ხვდება, რაც შეერთებული შტატების მოკავშირეებში თეთრი სახლის ლიდერის პუტინთან სიახლოვის წუხილებს წარმოშობს.

პრეზიდენტმა ტრამპმა ზოგიერთში შოკი გამოიწვია იმით, რომ ნატოს სამიტი შესაძლოა უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე მომავალი ორშაბათის პუტინთან სამიტი.

ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს, სხვა წევრებთან შედარებით ყველაზე დიდი ფინანსური წვლილი შეაქვს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში, რომელიც 1949 წელს საბჭოთა კავშირის, რომლის მთავარი სამართალმემკვიდრე რუსეთია, შეკავების მიზნით შეიქმნა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ბრალი დასდო ტრამპს ევროპის „თითქმის ყოველდღიურად“ გაკრიტიკებაში. „ძვირფასო ამერიკა, დააფასე შენი მოკავშირეები, მით უფრო მაშინ, როცა ისინი ბევრი არ გყავს“, დაწერა ტუსკმა „თვითერზე“.

რა თქვა ზუსტად ტრამპმა გერმანიის შესახებ?

გერმანია, რომელიც ევროკავშირის ყველაზე დიდ ეკონომიკას წარმოადგენს, დიდი ხნის განმავლობაში არის ბრალდებული აშშ-ის ადმინისტრაციების მიერ იმაში, რომ არ შეაქვს კეთილსინდისიერი წვლილი ნატოს ოპერაციებში, მაგრამ ტრამპის კომენტარები განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩეოდა.

ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან საუზმეზე დონალდ ტრამპმა განაცხადა: „გერმანია სრულად არის გაკონტროლებული რუსეთის მიერ, რადგან ისინი თავიანთი ენერგიის 60%-დან 70%-მდე რუსეთიდან იღებენ, აღსანიშნავია ახალი მილსადენი, და თქვენ მითხარით, არის თუ არა ეს ადეკვატური, რადგან მე ვფიქრობ, რომ არ არის და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ცუდი რამაა ნატოსთვის“.

ევროკავშირის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, რუსული გაზის გერმანიაში იმპორტი 50%-დან 75%-მდე შეადგენს.

გერმანიამ პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატა ახალი ბალტიის ზღვის მილსადენისადმი, სახელწოდებით – „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ – რაც ევროკავშირის სახელმწიფოებში რუსული გაზის ნაკადს გაზრდის. პროექტი მწვავედ იქნა გაკრიტიკებული პოლონეთის და სხვების მიერ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე ბრალი დასდო გერმანიას იმაში, რომ თავისი ეკონომიკური მოცულობის „1%-ზე ოდნავ მეტს“ ხარჯავს თავდაცვაზე, მაშინ როცა ტრამპის თქმით, ამერიკის ხარჯები ამავე მიმართულებით, „რეალურ ციფრებში“ 4.2%-ს შეადგენს. ნატოს ბოლოდროინდელი შეფასებით კი გერმანია ფაქტობრივად 1.24%-ს, ხოლო შეერთებული შტატები 3.5%-ს ხარჯავს.

როგორ უპასუხა მერკელმა?

„მსურს განვაცხადო, რომ მაქვს იმის გამოცდილება, როცა გერმანიის ნაწილი საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლდებოდა. მე ძალზე ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩვენ გაერთიანებული ვართ, როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ შეგვიძლია დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. ეს ძალიან კარგია, განსაკუთრებით აღმოსავლეთ გერმანიის ხალხისთვის“, უთხრა მერკელმა ჟურნალისტებს.

guardian.ge