მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპმა გააფრთხილა რუსეთი და ჩინეთი, რომ აშშ გააძლიერებს თავის ბირთვულ არსენალს

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააძლიერებს თავის ბირთვულ არსენალს, რათა ზეწოლა მოახდინოს რუსეთსა და ჩინეთზე.

ჟურნალისტებთან საუბირსას მან გაიმეორა მისი რამდენიმე დღის წინათ ნათქვამი, რომ რუსეთმა „დაარღვია“ 1987 წლის საშუალო მანძილის ბირთვული ძალების ხელშეკრულება და აღნიშნა, რომ ამერიკა გამოვიდოდა აღნიშნული ხელშეკრულებიდან.

რუსეთმაც გამაფრთხილებლად თქვა, რომ თავადაც უპასუხოდ არ დატოვებს აშშ-ის ქმედებას, თუკი ვაშინგტონი უფრო მეტ იარაღს განავითარებს.

ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა განავითაროს მისი ბირთვული არსენალი „სანამ ადამიანები ჭკუაზე არ მოვლენ“ და ამ კონტექსტში მან რუსეთი და ჩინეთი ახსენა.

ამასობაში კი ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი მოსკოვში მოლაპარაკებებს მართავს მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაგმო აშშ-ის განზრახვა დატოვოს ხელშეკრულება.

ბოლტონს უთხრეს, რომ აშშ-ის გამოსვლა „სერიოზული დარტყმა“ იქნება ბირთვული გაუვრცელებლომის რეჟიმისთვის.

მიუხედავად ამისა, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნმა ნიკოლაი პატრუშევმა ასევე თქვა, რომ კრემლი „მზად არის“ იმუშაოს აშშ-სთან საშუალო მანძილის ბირთვული ძალების ხელშეკრულებაზე არსებული „ორმხრივი“ უკმაყოფილებების აღმოსაფხვრელად.

ბოლტონის ვიზიტის დაწყებისას მოსკოვმა გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ გადადგამს ნაბიჯებს ბირთვული შეიარაღების ბალანსის შესანარჩუნებლად.

„ჩვენ გვჭირდება ამერიკული მხარის ახსნა-განმარტება ამ საკითხზე. ხელშეკრულების დარღვევა აიძულებს რუსეთს გადადგას ნაბიჯები თავისი უსაფრთხოების მიმართულებით“, განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს, 20 ოქტომბერს დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან ბირთვული შეიარაღების ხელშეკრულებიდან გამოდის.

ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ რუსეთმა „დაარღვია“ 1987 წლის საშუალო მანძილის ბირთვული ძალების ხელშეკრულება.

ხელშეკრულება კრძალავდა საშუალო მანძილის, 500 – 5, 500 კმ-ს შორის მანძილზე მიმავალი რაკეტების ხმელეთიდან გაშვებას.

შეერთებული შტატები ნებას არ დართავს რუსეთს „აწარმოოს იარაღი იმ დროს, როცა ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს“, განაცხადა ტრამპმა.

„მე არ ვიცი რატომ არ აწარმოა მოლაპარაკებები ან რატომ არ გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან პრეზიდენტი ბარაქ ობამა. ისინი [რუსები] მრავალი წელია, რაც არღვევენ ამ ხელშეკრულებას“, განაცხადა ტრამპმა ნევადაში საარჩევნო კამპანიის შემდეგ.

2014 წელს პრეზიდენტმა ობამამ ბრალი დასდო რუსეთს საშუალო მანძილის ბირთვული ძალების ხელშეკრულების დარღვევაში მას შემდეგ რაც, მოსკოვმა სავარაუდოდ, ხმელეთიდან რაკეტა გაუშვა. როგორც BBC წერს, გავრცელებული ცნობებით, ობამამ ხელშეკრულებიდან არგამოსვლის გზა ევროპელი ლიდერების ზეწოლის ქვეშ აირჩია, რომელთაც განაცხადეს, რომ ამგვარი ნაბიჯი ახალი გამალებული შეიარაღების ხელახლა დაწყების საწინდარი გახდებოდა.

როგორც BBC ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტი“-ზე დაყრდნობით წერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარომ განაცხადა, რომ აშშ-ის ნაბიჯი მოტივირებულია „უნიპოლარული მსოფლიოს ოცნებით“, სადაც ის [ამერიკა] ერთადერთი გლობალური სუპერსახელმწიფოა.

აშშ დაჟინებით ამტკიცებს, რომ რუსებმა ხელშეკრულების დარღვევით, ახალი საშუალო მანძილზე მიმავალი რაკეტა „ნოვატორ 9M729“ განავითარეს, რომელიც ნატოსთვის ცნობილია, როგორც SSC-8.

ეს კი საშუალებას მისცემს რუსეთს ბირთვული თავდასხმა განახორციელოს ნატო-ს წევრ სახელმწიფოებზე იმდენად ძალიან მოკლე პერიოდში, ვიდრე მასზე რეაგირების მოხდენა იქნება შესაძლებელი.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთი ამგვარ შეიარაღებას ტრადიციული ძალების უფრო იაფ ალტერნატივად უყურებს. The New York Times-ი პარასკევის ნომერში წერდა, რომ შეერთებული შტატები განიხილავდა ხელშეკრულებიდან გამოსვლას იმის გამო, რომ შეაკავოს ჩინეთის სამხედრო გაფართოების პროცესი წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში.

ქვეყანას, რომელიც აღნიშნული ხელშეკრულების ხელმომწერი არაა, უფლება აქვს შეზღუდვის გარეშე განავითაროს საშუალო მანძილზე მიმავალი რაკეტები.

საბჭოთა კავშირის ყოფილმა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა, რომელმაც რონალდ რეიგანთან ერთად 1987 წელს აღნიშნულ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმა, გამოვიდეს ცივი ომის ბირთვული შეიარაღების მთავარი ხელშეკრულებიდან, ბირთვული განიარაღების ძალისხმევებიდან უკან დახევაა.

გერმანია ამერიკის შეერთებული შტატების პირველი მოკავშირე აღმოჩნდა, რომელმაც გააკრიტიკა ტრამპის გადაწყვეტილება. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა დაჟინებით მოუწოდა ვაშინგტონს მხედველობაში მიიღოს ის შედეგები, რაც თეთრი სახლის ლიდერის გეგმას შეიძლება მოჰყვეს, როგორც ევროპისთვის, ისე ბირთვული განიარაღების მომავალი ძალისხმევებისთვის.

რა არის საშუალო მანძილის ბირთვული ძალების ხელშეკრულება?

შეერთებული შტატებისა და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის – მაშინდელი ლიდერების, რონალდ რეიგანისა და მიხეილ გორბაჩოვის მიერ 1987 წელს ხელმოწერილი შეიარაღების კონტროლის ხელშეკრულება კრძალავდა ყველა ბირთვულ და არაბირთვულ რაკტებს, რომელთაც მოკლე და საშუალო მანძილზე წვდომა ექნებოდათ.

1991 წლისთვის, დაახლოებით 2 700 რაკეტა იქნა განადგურებული. ორივე ქვეყანას უფლება ჰქონდა ერთმანეთის მოწყობილობების ინსპექტირება მოეხდინათ.

2007 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ ხელშეკრულება უკვე აღარ ემსახურებოდა რუსეთის ინტერესებს. პუტინის ეს ნაბიჯი შეერთებული შტატების მიერ 2002 წელს პრეზიდენტ ჯორჯ დაბლიუ ბუშის გადაწყვეტილებით ანტი-ბალისტიკური სარაკეტო სისტემიდან გამოსვლას მოჰყვა. ეს ხელშეკრულება იმ შეიარაღებას კრძალავდა, რომელიც განსაზღვრული იყო ბირთვული ბალისტიკური რაკეტების შესაკავებლად.

ბუშის ადმინისტრაციის ნაბიჯებმა, ჩამოეყალიბებინა სარაკეტო დამცავი სისტემა ევროპაში, შეაშფოთა კრემლი და ეს პროცესი შეჩერებული იქნა ობამას ადმინისტრაციის მიერ 2009 წელს და ბუშის იდეა, 2016 წელს მოდიფიცირებული თავდაცვითი სისტემით შეიცვალა.

guardian.ge