მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს ოფიციალურად დაუჭირა მხარი

GUARDIANGE – ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა ტეხასისა და მექსიკის საზღვართან გამართულ ღონისძიებაზე ოფიციალურად დაუჭირა მხარი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მან შეაქო იგი და თქვა, რომ 77 წლის ტრამპის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევა, ქვეყნის არაერთ მზარდ პრობლემურ საკითხს, მათ შორის სასაზღვრო კრიზისს მოაგვარებს.

„ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც დაიცავს საზღვარს. ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც აღადგენს კანონს და წესრიგს ამერიკის შეერთებულ შტატებში, და არ მისცემს უფლებას ამ კრიმინალებს, რომელთა სურათებს თითქმის ყოველ ღამეს ხედავთ, რომ გაძარცვონ მაღაზიები“, – განაცხადა ებოტმა და განაგრძო: „ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც აღადგენს მსოფლიო მშვიდობას, ჯო ბაიდენის მმართველობის დროს ომის ასეთი გაჩაღების საწინააღმდეგოდ. ჩვენ გვჭირდება დონალდ ტრამპის დაბრუნება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ჩვენი პრეზიდენტისა“.

ებოტი, ყველაზე დიდი წითელი შტატის (შენიშვნა: წითელი – „რესპუბლიკელების“ მხარდამჭერი ფერი – „დემოკრატების“ ლურჯი ფერის საპირისპიროდ, რაც სათავეს 2000 წლიდან იღებს) მმართველი, ჯერჯერობით ბოლო „რესპუბლიკელი“ გუბერნატორია, რომელმაც „რესპუბლიკური პარტიის“ 2024 წლის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის პირველ ადგილზე მყოფ ტრამპს ოფიციალურად დაუჭირა მხარი.

ამ დროისთვის, 26 მოქმედი „რესპუბლიკელი“ გუბერნატორიდან სულ მცირე შვიდმა დაუჭირა მხარი ტრამპს. ამ თვის დასაწყისში, რესპუბლიკელთა მესამე დებატების დროს, არკანზასის გუბერნატორმა, სარა ჰაკაბი სანდერსმა გამოხატა ტრამპისადმი ოფიციალური მხარდაჭერა.

ებოტი არის სამი ვადით არჩეული გუბერნატორი, რომელსაც თავადაც სურდა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ საბოლოოდ უარი თქვა ამაზე. მისი წინამორბედები – რიკ პერი და ჯორჯ დაბლიუ ბუში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ.

ტრამპიც და ებოტიც მიესალმნენ სასაზღვრო პატრულის აგენტებს ედინბურგში, ტეხასის შტატში, კვირას.

ფოტოზე: დონალდ ტრამპი და ტეხასის გუბერნატორი გრეგ ებოტი ტეხასის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებს და სხვებს, რომლებიც მადლიერების დღეს საზღვარზე განლაგდებიან, საჭმლით ემსახურებიან.

GUARDIANGE