ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ მზად არის პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე მუშაობა დაასრულოს

„დაუნინგ სთრითზე“ #10-ის გარეთ ტერეზა მეიმ საგანგებო განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თემთა პალატა ოთხშაბათს მოგვიანებით, მისდამი უნდობლობის გამოცხადების საკითხს უყრის კენჭს, და განცხადების ბოლოს თქვა, რომ მზად არის დაასრულოს საქმიანობა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის პოსტზე. თუმცა მანამდე აღნიშნა, რომ ბოლომდე იბრძოლებს: „მე ჩავებმები ამ კენჭისყრაში მის დასაძლევად და ყველა ჩემს ხელთ არსებულ ბერკეტს გამოვიყენებ“, თქვა მეიმ.

მან განაცხადა, რომ ახალ პრემიერ მინისტრს მოუწევს 50-ე მუხლზე უარის თქმა ანდა მისი გაგრძელება – მექანიზმის, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას 29 მარტისთვის უზრუნველყოფს, რაც „დააყოვნებს, ან უფრო მეტიც, შეაჩერებს ბრექსიტს“.

„კონსერვატორი“ დეპუტატები მეის უნდობლობის გამოცხადების საკითხს ადგილობრივი დროით 18:00 საათიდან 20:00 საათამდე უყრიან კენჭს. შედეგი კი ერთ საათში ან ცოტა უფრო მეტ დროში გახდება ცნობილი.

მეიმ განაცხადა, რომ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის შეცვლა „ჩვენი ქვეყნის მომავალს რისკის ქვეშ დააყენებს და შექმნის გაურკვევლობას“.

„ხელმძღვანელობის არჩევნები ვერ შეცვლის მოლაპრაკების ფუნდამენტურ საკითხებს ან საპარლამენტო არითმეტიკას.

„კვირების განმავლობაში საკუთარი თავის გამანადგურებელ პირობებში ყოფნა მხოლოდ უფრო მეტ დაგვყოფს, ჩვენ კი ერთად უნდა ვიდგეთ, რომ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას“, აღნიშნა მეიმ.

მეის, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის პოსტზე 2016 წლის ივნისში გამართული რეფერენდუმის შემდეგ მალევე მოვიდა, უნდობლობის დასაძლევად უმრავლესობის მხარდაჭერა ესაჭიროება.

თუკი მან გაიმარჯვა, მაშინ მისადმი ახალი უნდობლობის საკითხის გამოცხადება სულ მცირე ერთი წელი არ იქნება შესაძლებელი, ხოლო თუკი ის კენჭისყრისას დამარცხდა, მაშინ ამის შემდეგ „კონსერვატიული პარტიის“ ხელმძღვანელის პოსტისთვის შეჯიბრი გაიმართება, რომელში მონაწილეობაც ტერეზა მეის არ შეეძლება.

მეის გამარჯვების შეთხვევაში კიდევ ერთი შესაძლებლობა არსებობს. თუკი მან გაიმარჯვა, მაგრამ არა ხმათა დიდი უპირატესობით – მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება გადადგეს პარტიის ლიდერის პოსტიდან.

ოთხშაბათს დილის საათებში გახდა ცნობილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თემთა პალატაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ტერეზა მეის უნდობლობის გამოსაცხადებლად კენჭისყრა გაიმართებოდა.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ბრექსიტელები („ბრექსიტის“ – დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის დატოვების მომხრეები) დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ საკმარისი მხარდაჭერა ჰქონდათ იმისათვის, რომ ტერეზა მეის, როგორც პარტიის ლიდერის უნდობლობის კენჭისყრის პროცედურა წამოეწყოთ.

კანონის თანახმად, თუკი 48 „კონსერვატორი“ პარლამენტის წევრი ხელს მოაწერს წერილს, სადაც ეწერება, რომ ისინი უკვე აღარ უჭერენ მხარს მეის, მაშინ პარტიის ხელმძღვანელის პოსტისთვის ახალი ბრძოლა დაიწყება. (შენიშვნა: დიდ ბრიტანეთში მმართველი პარტიის ლიდერის პოსტიდან წასვლა პრემიერ მინისტრის თანამდებობის დატოვებასაც ნიშნავს).

ინგლისის პარლამენტის თემთა პალატის რიგითი წევრებისთვის ტერეზა მეის მმართველი „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტზე საქმიანობის გაგრძელება იმ მოტივით არის მიუღებელი, რომ მათი აზრით, პრემიერ მინისტრის მიერ ბრიუსელთან „ბრექსიტის“ თაობაზე მიღწეული შეთანხმებით დიდი ბრიტანეთი კვლავ დიდი ხნის განმავლობაში იქნება მჭიდროდ მიბმული ევროკავშირთან. ამავე დროს, როგორც BBC იტყობინება, უკმაყოფილონი არიან „ტორების“ ზოგიერთი ის წარმომადგენლებიც, რომელთაც რეფერენდუმზე ბრიტანეთის ბლოკში დარჩენას მისცეს ხმა.

ტერეზა მეის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა მის პარტიის მიღმა, ოპოზიციურ ფლანგზეც გრძელდებოდა. ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი დაჟინებით მოუწოდებდა მთავარი ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარეს, ჯერემი კორბინს, თემთა პალატაში მეის, როგორც პრემიერ მინისტრის უნდობლობის გამოცხადების საკითხი დაეყენებინა, თუმცა ამ დრომდე იგი ამ თემისადმი წინააღმდეგობას სწევდა.

ტერეზა მეი კი ამ ფონზე ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ევროპის ლიდერებთან. სამშაბათს მან შეხვედრები გამართა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან, ნიდერლანდების პრემიერ მინისტრთან, მარკ რუტესთან, ევროკავშირის ლიდერებთან და მაღალი რანგის სხვა ოფიციალურ პირებთან ჰააგაში, ბერლინში და ბრიუსელში იმ იმედით და ძალისხმევით, რომ გადაარჩინოს ბრიუსელთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული „ბრექსიტის“ შეთანხმება, რომელსაც ფართოდ უწევენ წინააღმდეგობას თემთა პალატის წევრები ყველა პარტიიდან – ისინი, ვინც რეფერენდუმზე ხმა მისცეს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას და ისინიც, ვინც მხარი დაუჭირეს მის დარჩენას ბლოკში.

ტერეზა მეის გადაწყვეტილებამ, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პირობებზე სამშაბათისთვის დაგეგმილი კენჭისყრის გაუქმების თაობაზე, თემთა პალატაში სიბრაზე და მძაფრი დებატები გამოიწვია.

რა განაცხადეს თემთა პალატის რიგითმა წევრებმა?

სამშაბათისთვის, „ტორების“ 27-მა დეპუტატმა დაადასტურა საჯაროდ, რომ მათ გააგზავნეს წერილი, სადაც ამბობენ, რომ თავიანთი ლიდერის მიმართ ნდობა დაკარგეს, მაგრამ სულ უფრო მეტად გამოითქმებოდა ვარაუდები, რომ აღნიშნული წერილის ხელმომწერთა რიცხვი გაზრდილი იყო, რაც დღეს უკვე დადასტურდა კიდეც.

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ოუენ პეტერსონი მათ შორისაა, რომელმაც სულ ახლახან მოუწოდა ტერეზა მეის, წავიდეს თანამდებობიდან. იგი „Daily Telegraph“-ში გამოქვეყნებულ წერილში პრემიერ მინისტრის შეცდომებზე საუბრობს და ამბობს, რომ მეი წარუმატებელი აღმოჩნდა იმ მომენტისთვის, რომელიც უშვებდა იმის შესაძლებლობას, რომ ბრიუსელთან „ბრექსიტის“ შეთანხმება ვერ შემდგარიყო და „მისმა შეცდომებმა დაანგრია ნდობა მთავრობაში“.

„იგი [ტერეზა მეი] არაერთგზის აცხადებდა, რომ ‘შეთანხმების მიუღწევლობა უკეთესია, ვიდრე ცუდი შეთახმება’, მაგრამ ნათელია, რომ მისი მიზანი იყო ნებისმიერ ფასად უზრუნველეყო შეთანხმება“, აღნიშნავს პეტერსონი.

მაგრამ კაბინეტის ყოფილმა მინისტრმა დამიენ გრინმა, რომელიც მხარს უჭერს ტერეზა მეის, BBC-ის უთხრა: „თუკი ადამიანებმა ასეთი შინაარსის წერილი დაწერეს… ეს არის საკუთარი თავისადმი გამოხატული უზარმაზარი ინდულგენციის აქტი“.

„უესტმინისტერის გარეთ მყოფი ხალხი ასე იფიქრებს: ‘ჩვენ გვყავს პრემიერ მინისტრი, რომელიც ნამდვილად რთულ მოლაპარაკებებს მართავს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მძაფრი მომენტის დასრულების ჟამს, რასაც კი ამ ქვეყნის ისტორიის 50 წლის განმავლობაში ჰქონია ადგილი’.

„ამ ეტაპზე პრემიერ მინისტრისთვის ძირის გამოთხრა მე სრულიად მცდარ ნაბიჯად მეჩვენება“.

რა განაცხადა ტერეზა მეიმ და რას ფიქრობენ „ბრექსიტის“ შეთანხმებაზე ევროკავშირის ლიდერები?

სამშაბათ საღამოს დასმული შეკითხვის, – იყო თუ არა საქმის კურსში მისი თანაპარტიელების, დეპუტატების მიერ შედგენილი წერილის თაობაზე, რომელთა რაოდენობამაც 48-ს მიაღწია – ტერეზა მეიმ უპასუხა: „არა, მე ვარ აქ, ევროპაში იმ საკითხის მოსაგვარებლად, რასაც შევპირდი პარლამენტს, რომ მოვაგვარებდი“.

ოთხშაბათს მეის დუბლინში ელოდებოდნენ მას შემდეგ, რაც იგი მისი კაბინეტის წევრებთან ყოველკვირეულ შეხვედრას გამართავდა და პარლამენტში პრემიერ მინისტრის შეკითხვების ფორმატში წარსდგებოდა, თუმცა მან, დღეს დილით, იქ ვიზიტი გააუქმა.

ხუთშაბათს დაგეგმილი იყო მისი ევროპის ლიდერების სამიტზე დასწრება, სადაც მოელოდნენ, რომ იგი „ბრექსისტის“ არსებულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის გარდაუვალ აუცილებლობას გაუსვამდა ხაზს და შეეცდებოდა პარლამენტის მხარდაჭერის მიღებას. ამ დრომდე უცნობია, გაემგზავრება თუ არა მეი ამ სამიტზე.

სამშაბათს მეიმ აღნიშნა, რომ ევროპის ლიდერებს შორის „მტკიცე საერთო მიდგომა“ არსებობს ირლანდიის საზღვრის პრობლემის აღმოფხვრასთან დაკავშირებით – ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხი, რის გამოც „ბრექსიტის“ არსებულ შეთანხმებას თემთა პალატის წევრები მხარს არ უჭერენ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „ბრექსიტის“ გასულ თვეს მიღწეული შეთანხმების „ხელახლა განხილვას“ არ აპირებს, მაგრამ მისი თქმით, „შემდგომი ახსნა-განმარტებებისთვის“ სივრცე ღია რჩება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ასევე დაჟინებით ირწმუნება, რომ ევროკავშირი „ხელახალ მოლაპარაკებებს არ გამართავს“, მაგრამ მისი თქმით, ლიდერები განიხილავენ საკითხს, თუ როგორ დაეხმარონ დიდ ბრიტანეთს, რომ მასთან „რატიფიკაცია ადვილად წარიმართოს“.

guardian.ge