საქართველო

სოფიო ქაცარავა: „რუსეთის მხრიდან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ჩვენი რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა“

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ სოფიო ქაცარავას მიერ ინიცირებული რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

„ლუქსემბურგის დეკლარაციაში შევიდა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ეს არის პრინციპული და მკაცრი რეზოლუცია, რომელიც ასახავს უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლის მიხედვით ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაიცვას საერთაშორისო ნორმები და სამართალი”, – სოფიო ქაცარავა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაიცვას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, დაუშვას საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე; აღნიშნავს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ღირსეულად დაბრუნების აუცილებლობას.

ასამბლეა წევრ ქვეყნებს მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის: „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიით“ გათვალისწინებულ დამნაშავე პირებთან მიმართებაში სამართლის აღსრულების ხელშეწყობისკენ.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია მოწოდება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის მიმართ, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთოს მისიის დაბრუნების შესახებ.

რეზოლუციაში ასახულია მოწოდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების კონსტრუქციულობისკენ და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა და ინიციატივა: „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” მტკიცე მხარდაჭერა.