ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

სომხეთმა განაცხადა, რომ თურქეთმა მისი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო

სომხეთმა განაცხადა, რომ მისი საბრძოლო თვითმფრინავი თურქეთის თვითმფრინავმა ჩამოაგდო. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სომხეთის საჰაერო სივრცეში საბჭოთა წარმოების „SU-25“ თურქულმა „F-16“-მა ჩამოაგდო, რის შედეგადაც მფრინავი დაიღუპა. თურქეთმა, რომელიც მხარს უჭერს აზერბაიჯანს, უარყო სომხური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა შუშან სტეფანიანმა განაცხადა, რომ სომხური „სუ-25“ სამშაბათ დილით იქნა ჩამოგდებული და მფრინავი „გმირულად დაიღუპა“. მან Facebook-ზე დაწერა, რომ თურქული „F-16“ სომხეთის საჰაერო სივრცეში 60 კმ.-ის სიღრმეში იყო შესული.

თურქეთმა დაუყოვნებლივ უარყო სომხური მხარის განცხადება და თქვა, რომ ეს „აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს“.

„სომხეთი, იაფფასიანი პროპაგანდისტული ეშმაკობების ნაცვლად, უნდა გავიდეს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან“, განაცხადა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანაშემწემ ფაჰრეტინ ალთუნმა.

სადავო მთიანი ყარაბაღის გამო განახლებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ბოლო 3 დღის განმავლობაში 100-მდე ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები არიან დაღუპული.

BBC-ის ცნობით, აზერბაიჯანმა არაერთხელ განაცხადა, რომ მის საჰაერო ძალებს „F-16“-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები არ ჰყავს, თუმცა თურქეთს ასეთი თვითმფრინავები ჰყავს.  

სომხური და აზერბაიჯანული ოფიციალური სტრუქტურები კონფლიქტის განახლებას ერთმანეთს აბრალებენ. თურქეთი ღიად უჭერს მხარს აზერბაიჯანს, რუსეთმა კი, რომელსაც თავისი სამხედრო ბაზა აქვს სომხეთში, თუმცა მეგობრულადაა განწყობილი აზერბაიჯანის მიმართაც, მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტისკენ მოუწოდა.

GUARDIAN.GE