აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

სირიული პრო-სამთავრობო ძალები ქურთების მიერ დაკავებულ აფრინის რეგიონში შევიდნენ

სირიული პრო-სამთავრობო ძალები, გავრცელებული ცნობებით, თურქეთის საზღვრის გასწვრივ ქურთების მიერ დაკავებულ აფრინის რეგიონში შევიდნენ, რაც თურქეთთან შეტაკებების რისკს ზრდის, რადგანაც  ოფიციალურმა ანკარამ დამასკო კატეგორიულად გააფრთხილა, რომ სირიული არმიის აღნიშნულ ანკლავში შესვლა „კატასტროფის“ გამომწვევი იქნებოდა.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ პრო-სამთავრობო შეიარაღებული ფორმირებების ფოტოები აჩვენა, სადაც ისინი აფრინში შესასვლელად ემზადებიან.

სირიული მთავრობის მხარდამჭერი ლიბანური მოძრაობა „ჰეზბოლას“ მიერ კონტროლირებადმა მედიამ და სირიელი ქურთების ახალი ამბების სააგენტო „ანჰა“-მ განაცხადეს, რომ მილიციის „სახალხო ძალებმა“ ანკლავი გადაკვეთეს და ტერიტორიაზე შევიდნენ, იუწყება BBC.

ჯერჯერობით არ არის ნათელი თუ რამდენი მებრძოლი შევიდა ქურთების კონტროლირებად რეგიონში და არც ის, თუ სად განლაგდებიან ისინი.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამშაბათს განაცხადა, რომ თურქეთის არმია გეგმავს უახლოეს დღეებში ალყაში მოაქციოს სირიის ქალაქი აფრინი.

„ამგვარად, აღკვეთილი იქნება[ქურთული ძალებისადმი] გარედან მხარდაჭერა. მაშინ ვერავინ შეძლებს ვერავითარი მოლაპარაკებების განხორციელებას. ჩვენ მათ, ვისაც სურს ტერორისტული დერეფნის შექმნა თურქეთის სამხრეთ საზღვრებზე, ვაჩვენებთ, რომ ეს ადვილი არ იქნება“, განაცხადა ერდოღანმა მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, როგორც ამას ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

ერდოღანის მიერ გაკეთებულ განცხადებამდე, მას შემდეგ რაც სირიის პრო-სამთავრობო ძალების აფრინში შესაძლო შესვლის თაობაზე გავრცელდა ინფორმაცია, თურქეთმა გააფრთხილა სირიის მთავრობა, არ დახმარებოდა ქურთებს, რომლებიც ჩრდილოეთ სირიაში თურქების წინააღმდეგ იბრძვიან.

როგორც BBC იუწყება, პრემიერ მინისტრის მოადგილემ, ბექირ ბოზდაღმა განაცხადა, რომ თურქეთის ოპერაციები გეგმის შესაბამისად მიიწევს წინ და „კატასტროფა“ იქნება, თუკი სირიული ჯარები ჩაერევიან.

უფრო ადრე, სირიულმა მედიამ განაცხადა, რომ ქვეყნის არმია აფრინში დაეხმარება ქურთებს, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ თურქეთის ოპერაციას.

თურქეთმა, რომელიც მისი საზღვრის გასწვრივ, აფრინში მებრძოლ ქურთებს ტერორისტებად მიიჩნევს, მათ წინააღმდეგ იერიში, სახელწოდებით, „ზეთისხილის რტო“, გასულ თვეს წამოიწყო.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ დამასკო „შედეგებს“ მოიმკის, თუკი ის ქურთებთან შეთანხმებას დადებს, იტყობინება CNN Turk-ი.

ორთავემ, ბოზდაღმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ მსგავსი გზავნილები გააჟღერეს.

„თუკი [სირიული არმია] მოვა ‘სახალხო დაცვის შენაერთების’ დასაცავად, ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს თურქ ჯარისკაცებს“, უთხრა ჩავუშოღლუმ რეპორტიორებს იორდანიაში.

ერდოღანი, პუტინი და ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი აპრილში თურქეთში შეხვედრას გეგმავენ, რათა განიხილონ სირიაში არსებული მდგომარეობა, განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.