აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

სირიაში განვითარებული სისხლიანი მოვლენების კვალდაკვალ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად, ანკარაში ჩადის

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ანკარაში ჩადის, რათა თურქეთის ხელმძღვანელობასთან ჩრდილოეთ სირიაში განვითარებული სისხლიანი მოვლენების კვალდაკვალ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას შეეცადოს.

ხუთშაბათს, პენსი ორმხრივ შეხვედრას გამართავს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და იგი შეახსენებს მას, რომ თურქეთის მიმართ დაწესებული სანქციები მანამ გაგრძელდება, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება არ იქნება მიღწეული.

როგორც „ევრონიუსი“ სატელევიზიო არხ „NTV“-ზე დაყრდნობით იუწყება, სამშაბათს ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უთხრა, რომ იგი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებას არასოდეს არ აპირებს. მან ასევე თქვა, რომ იგი არ წუხს შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების გამო.

აზერბაიჯანიდან სამშობლოში მიმავალმა თურქეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სირიის ქალაქების – კობანისა და მანბიჯის შესახებ მოლაპარაკებები ვაშინგტონთან და მოსკოვთან გაგრძელდა და დაამატა, რომ სირიის არმიის მანბიჯში შესვლა „ნეგატიური არ იყო“ იმდენად, რამდენადაც მიმდებარე ტერიტორიის მებრძოლებისაგან გაწმენდა მოხდა.

ერდოღანის თქმით, მან ტრამპს შუამავლობის შეთავაზების საპასუხოდ უთხრა, რომ თურქეთი „არ ითანამშრომლებს ტერორისტულ ორგანიზაციასთან“.

თურქეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით კი, ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ თურქეთის სამხედრო ოპერაცია ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში კონტრ-ტერორისტულ ძალისხმევებში, სირიის ტერიტორიულ მთლიანობაში და პროცესის პოლიტიკურად გადაწყვეტაში შეიტანს წვლილს.

guardian.ge