ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

სერჟ სარგსიანი სომხეთის პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ სომხეთის პრემიერ მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„მოგმართავთ თქვენ ბოლოჯერ სახელმწიფოს მეთაურის რანგში. ნიკოლ პაშინიანი მართალი იყო. მე შევცდი. შექმნილ მდგომარეობაში … არსებობს რამდენიმე გადაწყვეტილება, მაგრამ მათგან მე არც ერთზე არ წავალ. ეს არაა ჩემი გზა. მე ვტოვებ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელის პოსტს“, ნათქვამია სარგსიანის განცხადებაში.

სერჟ სარგსიანის პრემიერ მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, სომხეთის მთავრობის თავმჯდომარის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი, პირველი ვიცე-პრემიერი, კარენ კარაპეტიანი გახდა, განაცხადეს ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურში.  

„მთავრობის შესახებ არსებული კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, როცა პრემიერის მიერ თავისი მოვალეობების შესრულება შეუძლებელი ხდება, პრემიერ მინისტრს პირველი ვიცე-პრემიერი ცვლის“, ნათქვამია სომხეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

პრესსამსახურის ცნობით, ორშაბათს მთავრობის საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელსაც კარაპეტიანი უძღვებოდა. სხდომაზე მყოფნი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მოქმედი პრემიერი ვერ შეძლებდა მუშაობის გაგრძელებას. 

ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ მინისტრად 17 აპრილს დაამტკიცა.

ერევანში, სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა იმართება. სომხეთში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო გამოსვლების გამო, ერევნის ქუჩებში პოლიციის დიდი ძალაა მობილიზებული და დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლის შემდეგ არაერთი პროტესტანტი დააკავეს.

2008 წელს, როცა სარგსიანი პირველად იქნა არჩეული პრეზიდენტად, მას არჩევნების გაყალბებაში დასდეს ბრალი და მის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, სამთავრობო ძალებთან შეხლა-შემოხლისას კი სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა.

სარგსიანის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ 1980-იანი წლების ბოლოს მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანთან ომის მტკიცე ვეტერანმა სომხეთი ეროვნული უსაფრთხოებით უზრუნველყო, მაგრამ ვერ შეძლო აზერბაიჯანთან და თურქეთთან მუდმივი დაძაბულობის განელება. სარგსიანის კრიტიკოსები კი მის მმართველობას საყოველთაო სიღარიბეს და რუსეთზე მეტისმეტ დამოკიდებულებას უკავშირებენ.