მსოფლიოს ახალი ამბები

სერგეი ლავროვმა რუსეთიდან 60 ამერიკელი დიპლომატის გაძევების და სანკტ-პეტერბურგში აშშ-ის გენერალური საკუნსულოს დახურვის შესახებ გამოაცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების საპასუხოდ რუსეთი ქვეყნიდან 60 ამერიკელ დიპლომატს აძევებს და ხურავს აშშ-ის გენერალურ საკუნსულოს სანკტ-პეტერბურგში. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გამოაცხადა.

„ზუსტად ამ წუთებში აშშ-ის ელჩი ჰანტსმანი მოწვეულია ჩვენს სამინისტროში, სადაც ჩემი მოადგილე სერგეი რიაბკოვი აცნობს მას შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით მიღებული ზომებს, რაც მოიცავს ანალოგიური რაოდენობის დიპლომატების გაძევებას და ასევე სანკტ-პეტერბურგში აშშ-ის გენერალური საკონსულოს ფუნქციონირების შეჩერებას“, განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც, რომლებიც ვაშინგტონის კვალს გაჰყვნენ, ანალოგიური ზომები იქნება მიღებული.

ე.წ. სკრიპალის საქმის გამო, თითქმის 30-მა ქვეყანამ, ასევე ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა საერთო ჯამში 150-მდე რუსი დიპლომატი გააძევა, მათგან ყველაზე მეტი რაოდენობა – 60 ვაშინგტონის მიერ იქნა გაძევებული. შეერთებულმა შტატებმა ასევე დახურა რუსეთის საკუნსულო სიეტლში.