ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ თუკი ეს რუსეთზე იქნება დამოკიდებული, მაშინ ომი არ იქნება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „სპუტნიკთან“ და სამ სხვა რადიოსადგურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუკი ეს რუსეთზე იქნება დამოკიდებული, მაშინ ომი არ იქნება. მან ხაზი გაუსვა, რომ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით წინადადებები ულტიმატუმს არ წარმოადგენს და მასში არაფერი აღმაშფოთებელი არ არის, მოსკოვს კი მხოლოდ ის უნდა, რომ მასთან პატიოსნად იმუშაონ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ თემებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და რუსული ინიციატივის საპასუხოდ „რაციონალური მარცვლებიც“ არის. უკრაინის თემაზე საუბრისას ლავროვმა თქვა, რომ აუცილებელია კიევის იძულება, შეასრულოს მინსკის შეთანხმებები და „მაშინ ყველაფერი წსერიგში იქნება“.

ამერიკის შეერთებულ შტატებს თავის წერილობითი პასუხის შეფასებისას ლავროვმა 27 იანვარს განაცხადა, რომ რუსული მხარის მიერ წამოყენებულ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარი არ უთქვამს.

„ამ დოკუმენტში მთავარ საკითხზე პოზიტიური რეაქცია არ არის. მთავარ საკითხს წარმოადგენს ჩვენი მკაფიო პოზიცია NATO-ს აღმოსავლეთით შემდგომი გაფართოების დაუშვებლობისა და გამანადგურებელი შეიარაღების განლაგების თაობაზე, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს რუსეთის ფედერაციის ტერტორიას“, – განაცხადა ლავროვმა.

უკრაინაში რუსეთის მოსალოდნელი შეჭრის საფრთხეებიდან გამომდინარე დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაძაბულია.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ განიხილება პერსონალური სანქციების დაწესება ვლადიმერ პუტინის მიმართ, თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. მისი თქმით, მსოფლიოსთვის „უზარმაზარი შედეგები“ ექნება რუსული ჯარის მიერ უკრაინის საზღვრის გადალახვას და ეს შესაძლოა, „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მსხვილი შეჭრა“ იყოს. მან დაამატა, რომ თავს ვალდებულად მიიჩნევს, გააძლიეროს ნატოს ყოფნა აღმოსავლეთ ევროპაში.

„ჩვენ მკაფიო უნდა გავხადოთ, რომ არავინ, ნატოს არც ერთი წევრი არ უნდა წუხდეს იმის თაობაზე დაიცავს თუ არა ნატო მათ“, – აღნიშნა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას, თუმცა კვლავ გაიმეორა, რომ არ არსებობს აშშ-ის ჯარების თავად უკრაიანაში გაგზავნის გეგმები.

რუსეთმა ბაიდენის კომენტარებს აღშფოთებით უპასუხა და აშშ და ნატო უკრაინის იარაღით უხვად მიწოდებაში დაადანაშაულა.

„არ არსებობს ახსნა იმისა, თუ რას აკეთებს ამერიკული ფლოტი რუსეთის სანაპიროსთან ახლოს“, – ნათქვამია გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ცალკე გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ თეთრი სახლი ნავთობისა და გაზის მიმწოდებლებთან მუშაობს მთელ მსოფლიოში, რათა გაზარდოს ევროპაში მიწოდება იმ შემთხვევისთვის, თუკი რუსეთი შეწყვეტს მიწოდებას, იტყობინება New York Times-ი.

რუსეთი ამჟამად ევროკავშირის მიერ იმპორტირებული ნედლი ნავთობისა და გაზის დაახლოებით მესამედს უზრუნველყოფს.

პენტაგონის განცხადებით, 8 500 ამერიკელი ჯარისკაცი სრულ მზადყოფნაშია განლაგდეს ბრძანების შესაბამისად, თუმცა ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება თუ სად განლაგდება ჯარები. როგორც პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ნატოს სამხედრო ალიანსი გადაწყვეტს გააქტიუროს სწრაფი რეაგირების ძალები „ან თუკი სხვა სიტუაციები განვითარდება“ რუსული სამხედრო ძალების მობილიზების გარშემო. მან დაამატა, რომ ჯარების უკრაინაში განლაგების გეგმები არ აქვთ.

ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყანა, მათ შორის დანია, ესპანეთი, საფრანგეთი და ნიდერლანდები, უკვე გეგმავს ან განიხილავს გამანადგურებელი თვითმფრინავების და საბრძოლო ხომალდების გაგზავნას აღმოსავლეთ ევროპაში, რათა გააძლიერონ თავდაცვისუნარიანობა რეგიონში.

ამასობაში, პრეზიდენტმა ბაიდენმა თავის ევროპელ მოკავშირეებთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან, პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან, ასევე ნატოს ხელმძღვანელ იენს სტოლტენბერგთან, ევროკავშირის ლდერებთან, ურსულა ვან დერ ლეინთან და შარლ მიშელთან ვიდეომოლაპარაკებები გამართა და უკრაინაზე მოსალოდნელი რუსული აგრესიის თაობაზე დასავლეთის სახელმწიფოების საერთო სტრატეგია განიხილა. „ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა – სრული ერთსულოვნება ყველა ევროპელ ლიდერთან“, – თქვა ბაიდენმა ვიდეო შეხვედრების შემდეგ.

დაუნინგ სთრითის წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ ლიდერები „შეთანხმდნენ საერთაშორისო ერთიანობის მნიშვნელობაზე რუსეთის მზარდი მტრობის პირობებში“.

თუ რუსეთის შემდგომი შეჭრა მოხდება უკრაინაში, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ „მოკავშირეებმა უნდა მიიღონ სწრაფი საპასუხო გადაწყვეტილებები, სანქციების უპრეცედენტო პაკეტის ჩათვლით“.

უფრო ადრე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გააფრთხილა რუსეთი, რომ უკრაინაში შეჭრა მისთვის „დამღუპველი ნაბიჯი იქნება“.

მანამდე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დედაქალაქში ბაზირებული თავისი საელჩოს თანამშრომლებს თავიანთი ოჯახის წევრების ქვეყნის დატოვებისაკენ მოუწოდა, რაც კიევზე რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმის საფრთხეებს უკავშირდება. სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე უფლება მისცა საელჩოს ქვედა რგოლებში მომსახურე თანამშრომლებს, დატოვონ ქვეყანა და დაჟინებით მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს ქვეყნიდან გამგზავრებაზე იფიქრონ.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, არსებობს ცნობები იმის თაობაზე, რომ რუსეთი სერიოზული საომარი ქმედების განხორციელებას აპირებს უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთმა კი, რომელსაც 100 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს განლაგებული უკრაინის საზღვართან, არაერთხელ უარყო კიევში შეჭრის შესაძლებლობა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა, რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე, „პოტენციური საფრთხეებიდან“ გამომდინარე, ასევე მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს, არ იმოგზაურონ უკრაინასა და რუსეთში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ახალი ამბების სააგენტო AFP-ს უთხრა, რომ კიევში მდებარე საელჩო ღია რჩება, მაგრამ გაიმეორა თეთრი სახლის არაერთგზის გაფრთხილება, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ მოხდეს და აშშ-ის მთავრობა „არ იქნება ისეთ მდგომარეობაში, რომ ამერიკის მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელოს ასეთ ვითარებაში“.

guardian.ge