საქართველო

საქართველოში დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი

ბოლო კვირის მონაცემით, საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი. რაც შეეხება დაინფიცირების მაჩვენებელს, უწყების ინფორმაციით, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0,9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,6%-ს.

საქართველოს განათლებისა დამეცნიერების სამინისტროს ცნობით, კვლავ გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69%.

„სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში განახლებასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში მონიტორინგი გამკაცრდა. კვლავ აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლის პერსონალს, მასწავლებლებს, მანდატურებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ პერსონალს ტესტირება როგორც PCR ტექნოლოგიის, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენებით ინტენსიურად უტარდებათ.

Covid-19-ის გამოვლენის შემთხვევაში, შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლები მოქმედებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციის შესაბამისად და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე“, – აცხადებენ სამინისტროში.

განათლების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის საჭირო რესურსების მარაგით, მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას.