საქართველო

საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის ასეულისთვის საბაზისო სწავლების მე-3 ეტაპი დასრულდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლების მესამე ეტაპი დასრულდა.

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოზეფ ნოლტე დაესწრნენ.

პირად შემადგენლობას სიტყვით აღმოსავლეთ სარდლის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ, გერმანიის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ფრანც-იოზეფ ნოლტემ და გერმანელი ინსტრუქტორების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა პატრიკ ვაგნერმა მიმართეს, წარმატებები უსურვეს და ქართულ-გერმანული თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს.

საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის გერმანელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, სწავლება ათი დღის განმავლობაში საინჟინრო ბრიგადის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, წვრთნების პრაქტიკული, საჩვენებელი ნაწილი სამხედრო მოსამსახურეებმა ვაზიანის აეროდრომზე გაიარეს. წვრთნებში 50-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა და რქბ ასეულის საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად.

საქართველომ რადიაქტიულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ (რქბ) თავდაცვის სფეროში პარტნიორობა გერმანულ მხარესთან 2014 წელს დაიწყო.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.