საქართველო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

2018 წლის 8-10 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სამუშაო ვიზიტად ვაშინგტონს ეწვია. მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განხილული იქნა აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. მინისტრის მოადგილის განცხადებით საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და მიმდინარე წლის გეგმებს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით.

„ამერიკის შეერთებული შტატები გახლავთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მთავრი მხარდამჭერი, ჩვენი ყველაზე მთავარი მოკავშირე. ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის საქართველო-რუსეთის კონფლიქტსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, ზოგადად ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებზე და დავსახეთ მიმდინარე წლის გეგმები“- განაცხადა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრების შეფასებისას.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები თავდაცვის დეპარტამენტის, კონგრესისა და თეთრი სახლის წარმომადგენლებსა. აგრეთვე გაიმართება შეხვედრა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლებთან, დაგეგმილია კარნეგის მშვიდობის საერთაშორისო ფონდში მრგვალი მაგიდა საქართველოსა და რეგიონზე მომუშავე აშშ-ის კვლევითი ცენტრების წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომლის ფარგლებშიც მინისტრის მოადგილე ამერიკელ ექსპერტებს მიაწოდებს ბოლო ინფორმაციას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და ადგილზე რუსეთის უკანონო ქმედებებზე.

ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ მინისტრის მოადგილე გაემგზავრება ნიუ იორკში, სადაც შეხვედრებს გამართავს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან და გაეროს სხვა წარმომადგენლებთან.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.