საქართველო

საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და ის 3 მილიარდ 289 მილიონ დოლარს შეადგენს

საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობა 3 მილიარდ 289 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც წინა თვესთან შედარებით 201 მილიონით მეტია.

ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 3 მილიარდ 089 მილიონი დოლარი, ხოლო სესხების სპეციალური უფლებების (SDR) მოცულობა 200 მილიონი დოლარია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრიტერიუმით, საქართველოში სავალუტო რეზერვები ე.წ. ადეკვატურობის მინიმალურ დონესთან შედარებით დაბალ ნიშნულზეა, ამის გამო ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის შესყიდვას ახორციელებს. 2017-2018 წლებში ბანკმა 327 მილიონი დოლარი შეისყიდა.

2019 წლის 4 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6732 შეადგინა.