საქართველო

საქართველოსა და სომხეთის განათლების მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ერევანში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა არაიკ არუთიუნიანმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემების შესახებ ისაუბრეს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

მიხეილ ბატიაშვილმა არაიკ არუთიუნიანს ზოგადი განათლების მიმართულებით ბოლო დროს გატარებული რეფორმის შედეგები გააცნო, რომლებიც სკოლებში ახალი პედაგოგების შესვლას, პედაგოგთა ხელფასების გაზრდასა და სისტემიდან საპენსიო ასაკის პედაგოგების ღირსეულ გასვლას უკავშირდება. შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა უმაღლესი განათლების კუთხით მიღწეულ შედეგებზეც, რაც ქართულ განათლების სისტემას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო აახლოებს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის განათლების კუთხით თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.