ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

საფრანგეთში 667 ადამიანია დაკავებული – პრეზიდენტი მაკრონი მძიმე კრიზისის დასაძლევად მთავრობის საგანგებო სხდომას მეორედ გამართავს

მესამე ღამეა, რაც საფრანგეთში პროტესტანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება. პარიზში პოლიციის დიდი რაოდენობით განლაგების მიუხედავად, დემონსტრანტებმა მაღაზიები დაარბიეს, ავტომანქანები კი ცეცხლის ალში გახვიეს. პარიზში პროტესტანტები ღამის განმავლობაში აალებული ნივთიერებებით ესხმოდნენ თავს პოლიციის განყოფილებებს. საფრანგეთში არეულობების ჩასაცხრობად 40 000 პოლიციელია ქუჩებში განლაგებული. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანინის განცხადებით, 667 ადამიანია დაკავებული.

საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობები პოლიციელის მიერ 17 წლის ბიჭის მოკვლას  მოჰყვა.

მოზარდს, სახელად ნაჰელ მ-ს, პოლიციელმა ახლო მანძილიდან ესროლა მას შემდეგ, რაც ავტომანქანით გადაადგილებისას გააჩერეს, პოლიციასა და მას შორის მცირეხნიანი საუბრის შემდეგ ადგილიდან სწრაფად დაიძრა და გზა განაგრძო.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ნაჰელისთვის სროლა „უპატიებელია“. მაგრამ მის ამ კომენტარს პოლიციის პროფკავშირების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო AFP იტყობინება, შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, პრეზიდენტი მაკრონი მეორედ გამართავს მთავრობის საგანგებო სხდომას.

პოლიციის პროფკავშირების ალიანსმა ბრალი დასდო მაკრონს, რომ მან ინციდენტში ჩართული პოლიციის ოფიცრების ქმედება ნაჩქარევად განსაჯა და მოუწოდა ყველას, პოლიციელთა ბრალის დადგენამდე ისინი უდანაშაულოდ ჩათვალონ.

პოლიციის პროფკავშირების ალიანსის კონკურენტმა, Unité SGP Police-მა ასევე თქვა, რომ პოლიტიკური ჩარევები „პოლიციელთა წინააღმდეგ სიძულვილს“ ახალისებს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს კიდევ ერთი ჯგუფის, საფრანგეთის პოლიციის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც მან გამოაქვეყნა „თვითერზე“ განცხადება, რომელიც შეეცადა გაემართლებინა მოზარდის მკვლელობა. მინისტრმა აღნიშნულ შეფასებას „მიუღებელი და უზნეო“ უწოდა.

„ტვიტერის“ უკვე წაშლილ განცხადებაში „ბრავო“-თი მიმართავენ ოფიცრებს, რომლებმაც „ცეცხლი გაუხსნეს ახალგაზრდა კრიმინალს“, მის სიკვდილში კი მოზარდის მშობლები არიან დადანაშაულებული, რადგან მათ „ვერ შეძლეს შვილისთვის განათლების მიცემა“.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, ნაჰელის დედამ, მუნიამ, მოუწოდა ხალხს, შეუერთდნენ მისი შვილის ხსოვნისადმი მსვლელობას. „ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო. მას დედა სჭირდებოდა“, – თქვა მან. „დილით, დამშვიდობებისას მაკოცა და მითხრა: „მიყვარხარ დედა“. ერთი საათის შემდეგ მითხრეს, რომ ვიღაცამ ესროლა ჩემს შვილს. რა შემიძლია რომ ვქნა? ის იყო ჩემი ცხოვრება, ის ჩემთვის ყველაფერი იყო“.

ნაჰელის დედამ აღნიშნა, რომ იგი ბრალს არა მთელ პოლიციას, არამედ მხოლოდ იმ ოფიცერს სდებს, რომელმაც საბედისწერო გასროლა განახორციელა.

„მან დაინახა პატარა არაბი ბიჭის სახე. მას სურდა მისი სიცოცხლის მოსწრაფება“, – თქვა დედამ.

ნებაყოფლობით მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა ოფიცერმა თავდაპირველად თქვა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა იმიტომ განახორციელა, რომ გრძნობდა, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, მოგვიანებით კი, მან ოჯახის წინაშე ბოდიში მოიხადა. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ იგი „განადგურებულია“.

ნაჰელი, რომელიც მეზობლის თქმით, ფრანგულ-ალჟირული ოჯახიდან იყო, წელს მეორე ადამიანია საფრანგეთში, რომელიც საგზაო მოძრაობის შეჩერების დროს პოლიციის გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. გასულ წელს ამ გზით საფრანგეთში რეკორდულად ბევრი, 13 ადამიანი დაიღუპა.

უფლებადამცველთა ჯგუფები აკრიტიკებენ 2017 წელს კანონში შეტანილ ცვლილებას, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების გაფართოებული უფლება მიანიჭა.

გაზეთი Le Monde-ი ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პოლიციელების მიერ მოძრავ ავტომანქანებზე სროლების წლიური რაოდენობა თანმიმდევრულად უფრო მაღალია კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა დაადგინა, რომ 2017 წლიდან სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების დროს პოლიციის სასიკვდილო სროლების მსხვერპლთა უმრავლესობა შავკანიანი ან არაბი იყო.

მომზადებულია GUARDIAN.GE –ის მიერ