ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

საფრანგეთში პოლიციელის მიერ 17 წლის ბიჭის მოკვლის გამო მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებზე სულ მცირე 77 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში პოლიციელის მიერ 17 წლის ბიჭის მოკვლას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობები მოჰყვა. პარიზში პროტესტანტები ღამის განმავლობაში აალებული ნივთიერებებით ესხმოდნენ თავს პოლიციის განყოფილებებს. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლილეში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. დაკავებულია სულ მცირე 77 ადამიანი.

მოზარდს, სახელად ნაჰელ მ-ს, პოლიციელმა ახლო მანძილიდან ესროლა მას შემდეგ, რაც ავტომანქანით გადაადგილებისას გააჩერეს, პოლიციასა და მას შორის მცირეხნიანი საუბრის შემდეგ ადგილიდან სწრაფად დაიძრა და გზა განაგრძო.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ნაჰელისთვის სროლა „უპატიებელია“. მაგრამ მის ამ კომენტარს პოლიციის პროფკავშირების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

პოლიციის პროფკავშირების ალიანსმა ბრალი დასდო მაკრონს, რომ მან ინციდენტში ჩართული პოლიციის ოფიცრების ქმედება ნაჩქარევად განსაჯა და მოუწოდა ყველას, პოლიციელთა ბრალის დადგენამდე ისინი უდანაშაულოდ ჩათვალონ.

პოლიციის პროფკავშირების ალიანსის კონკურენტმა, Unité SGP Police-მა ასევე თქვა, რომ პოლიტიკური ჩარევები „პოლიციელთა წინააღმდეგ სიძულვილს“ ახალისებს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს კიდევ ერთი ჯგუფის, საფრანგეთის პოლიციის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც მან გამოაქვეყნა „თვითერზე“ განცხადება, რომელიც შეეცადა გაემართლებინა მოზარდის მკვლელობა. მინისტრმა აღნიშნულ შეფასებას „მიუღებელი და უზნეო“ უწოდა.

„ტვიტერის“ უკვე წაშლილ განცხადებაში „ბრავო“-თი მიმართავენ ოფიცრებს, რომლებმაც „ცეცხლი გაუხსნეს ახალგაზრდა კრიმინალს“, მის სიკვდილში კი მოზარდის მშობლები არიან დადანაშაულებული, რადგან მათ „ვერ შეძლეს შვილისთვის განათლების მიცემა“.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, ნაჰელის დედამ, მუნიამ, მოუწოდა ხალხს, შეუერთდნენ მისი შვილის ხსოვნისადმი მსვლელობას. „ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო. მას დედა სჭირდებოდა“, – თქვა მან. „დილით, დამშვიდობებისას მაკოცა და მითხრა: „მიყვარხარ დედა“. ერთი საათის შემდეგ მითხრეს, რომ ვიღაცამ ესროლა ჩემს შვილს. რა შემიძლია რომ ვქნა? ის იყო ჩემი ცხოვრება, ის ჩემთვის ყველაფერი იყო“.

ნებაყოფლობით მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა ოფიცერმა თქვა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა იმიტომ განახორციელა, რომ გრძნობდა, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

ნაჰელი, რომელიც მეზობლის თქმით, ფრანგულ-ალჟირული ოჯახიდან იყო, წელს მეორე ადამიანია საფრანგეთში, რომელიც საგზაო მოძრაობის შეჩერების დროს პოლიციის გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. გასულ წელს ამ გზით საფრანგეთში რეკორდულად ბევრი, 13 ადამიანი დაიღუპა.

უფლებადამცველთა ჯგუფები აკრიტიკებენ 2017 წელს კანონში შეტანილ ცვლილებას, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების გაფართოებული უფლება მიანიჭა.

გაზეთი Le Monde-ი ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პოლიციელების მიერ მოძრავ ავტომანქანებზე სროლების წლიური რაოდენობა თანმიმდევრულად უფრო მაღალია კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა დაადგინა, რომ 2017 წლიდან სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების დროს პოლიციის სასიკვდილო სროლების მსხვერპლთა უმრავლესობა შავკანიანი ან არაბი იყო.

მომზადებულია GUARDIAN.GE –ის მიერ