საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: მინდა ვისურვო, რომ ენგურის ხიდი ძალიან ახლო მომავალში გახდეს გამაერთიანებელი ხიდი

15 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ პირველად ჩამოვედი, როგორც საგარეო საქმეთა ახლადდანიშნული მინისტრი, და დღეს ჩვენ ისევ აქ ვდგავართ, – ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა. ვდგავართ ამ ხიდზე, რომელიც ჰყოფს ჩვენს მოსახლეობას. ორივე მხარეს ჩვენი მოქალაქეები არიან და ამიტომ, მე მინდა ახალი წელი და დამდეგი შობა მივულოცო მათ, ვინც ცხოვრობს გალში, ასევე, ჩვენს აფხაზ ძმებს და ვისურვო, რომ ეს გამყოფი ხიდი ძალიან ახლო მომავალში გახდეს გამაერთიანებელი ხიდი, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდის რაიონში, კონფლიქტის ზონასთან მდებარე რუხის საგუშაგოზე, სადაც მან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პოლიციელები მოინახულა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ზურაბიშვილმა შსს-ს თანამშრომლებს შობა-ახალი წელი მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისათვის.

ასევე, სალომე ზურაბიშვილი ენგურის ხიდზე მოსახლეობას შეხვდა და კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ გაესაუბრა.