საქართველო

სალომე ზურაბიშვილი გრემისხევის ხეობას ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გრემისხევის ხეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ შალვა კერესელიძესთან და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად ესტუმრა. პრეზიდენტი 2008 წლის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პარაკლისს გრემისხევის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში დაესწრო და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

„დღეს თქვენ, საოკუპაციო ხაზის პირისპირ მდგარი, ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი საქართველოს ჯარისკაცები ხართ, ამიტომაც აუცილებელია თქვენი ყოფის შემსუბუქება, დახმარება და თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვა…ჩვენ არ ვივიწყებთ მომხდარ ტრაგედიას, მაგრამ მიმაჩნია, რომ მიუღებელია მხოლოდ წარსულზე ფიქრი. დღევანდელი დღე უნდა ვაქციოთ იმედის დღედ. ამისათვის კი, მთავარი ძალისხმევა ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობისა და მხარდაჭერისაკენ უნდა მივმართოთ“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა გრემისხევის მოსახლეობას ერთობლივი გადაწყვეტილება გააცნეს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით და პირობა დადეს, რომ 12 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის მშენებლობა, მომავალ წელს დაიწყება. 2019 წლის “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამით აგრეთვე რეაბილიტირდება სასმელი წყლის სისტემები და მოეწყობა სოფლების შიდა და მათი დამაკავშირებელი გზები.

გრემისხევის მოსახლეობასთან შეხვედრის და მათი საჭიროებების მოსმენის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა ბაზალეთის ტბა და ჭილაშვილების სასახლე მოინახულა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.