საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: „არ შეიძლება, თავდადებული ბრძოლის მიუხედავად, ექიმების მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი განცხადებები, ეს ჩვენ არ გვეკადრება“

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლებს მხარი დაუჭირა. მან აღნიშნულის შესახებ  პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ექიმების თავდაუზოგავმა შრომისა და მთავრობის დროული და ეფექტური ნაბიჯებით საქართველოში კორონავირუსით შექმნილი ვითარების მაქსიმალური გაკონტროლება შესაძლებელი გახდა.

„ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ამ დარბაზში შევიკრიბეთ და საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. საგანგებო მდგომარეობის საშუალებით, ჩვენ შევძელით პირველ ეტაპზე, ვითარების მაქსიმალურად გაკონტროლება და ქვეყნის დაცვა უკიდურესი გართულებებისგან. ეს ერთი მხრივ მთავრობის დროული და ეფექტიანი ნაბიჯების ყველა უწყების კოორდინირებული მუშაობის და მეორეს მხრივ ჩვენი ექიმების დაუღალავი ძალისხმევის პირდაპირი შედეგია“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, ამ ფონზე ექიმების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები მიუღებელია.

„ამიტომ მე მგონია, არ შეიძლება, რომ ამ დროს ექიმების და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდადებული ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი განცხადებები. ეს ჩვენ არ გვეკადრება. ყველა მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგია ის, რომ დღემდე ვინარჩუნებთ სხვებთან შედარებით დაბალ მაჩვენებლებს და ვიმსახურებთ მაღალ საერთაშორისო შეფასებას“ , – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.