ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად, 10 633-ით გაიზარდა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად, 10 633-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 134 686 შეადგინა. როგორც BBC  იუწყება, კვირას, ქვეყანაში ვირუსით კიდევ 58 პაციენტი გარდაიცვალა, რამაც დაღუპულთა რაოდენობა 1 280-მდე გაზარდა.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დედაქალაქში კორონავირუსის ეპიდემიის პიკი ჯერ კიდევ წინ არის.

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა გამოვლენილი შემთხვევების ნახევარზე მეტი, 68 606 სწორედ მოსკოვზე მოდის, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსის 5 948 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

მოსკოვში მკაცრი საგანგებო ზომებია მიღებულია და ქალაქის 12 მილიონ მცხოვრებს, მცირე გამონაკლისების გარდა, სახლში დარჩენის ვალდებულება განუსაზღვრეს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მდგომარეობა „ძალზე სერიოზული“ რჩება და გააფრთხილა მოქალაქეები, რომ „პანდემიის სასტიკი ფაზა“ წინ არის და ის რამდენიმე კვირის შემდეგ დადგება.

მიმდინარე კვირას კორონავირუსით ინფიცირება რუსეთის პრემიერ მინისტრს, მიხეილ მიშუსტინს დაუდასტურდა. მიშუსტინი, რომელიც მთავრობის მეთაურად იანვარში დაინიშნა, საავადმყოფოში მკურნალობს. მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იგი თავს შესანიშნავად გრძნობს და აქედან გამომდინარე, მას საავადმყოფოდან მუშაობის შესაძლებლობა აქვს.

კორონავირუსი დაუდგინდა ასევე რუსეთის მთავრობის მეორე წევრს, საბინაო მინისტრს, ვლადიმერ იაკუშევს.

GUARDIAN.GE