აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურეს, რომ კიმ ჩენ ინი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად რუსეთს ეწვევა

რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურეს, რომ კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთს ეწვევა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. თუმცა არც კრემლის და არც ფხენიანის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის დრო და ადგილი მითითებული არ არის. კრემლის განცხადებაში მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ კიმის ვიზიტი პუტინის მიწვევით შედგება და მათ შორის შეხვედრა „უახლოეს დღეებში“ გაიმართება.

პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რაც უკრაინაში მოსკოვის ომისთვის შეიარაღების პოტენციურ შეთანხმებას უკავშირდება.

პუტინსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრის შესახებ ოფიციალური განცხადების გავრცელებამდე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აქვს ახალი ინფორმაცია ორ ქვეყანას შორის იარაღის თაობაზე მოლაპარაკებების „მიღწეულ პროგრესზე“.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში ბოლო ვიზიტის დროს ცდილობდა დაერწმუნებინა ფხენიანი რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის მიყიდვაზე. შეხვედრაზე წარმოდგენილი იარაღები მოიცავდა Hwasong-ის კონტინენტთშორის ბალისტიკურ რაკეტას, რომელიც იყენებს მყარ საწვავს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კიმმა Covid-ის პანდემიის შემდეგ ქვეყნის კარი უცხოელი სტუმრებისთვის გააღო.

მას შემდეგ, პუტინმა და კიმმა გაცვალეს წერილები „ორმხრივი თანამშრომლობის გაზრდის პირობაზე“, – თქვა კირბიმ. „ჩვენ მოვუწოდებთ კორეის დემოკრატიულ სახალხო რესპუბლიკას შეწყვიტოს რუსეთთან შეიარაღების მოლაპარაკებები და დაიცვას საჯარო ვალდებულებები, რომლებიც ფხენიანმა აიღო, რომ არ მიაწოდოს ან არ მიყიდოს იარაღი რუსეთს”, – აღნიშნა კირბიმ და გააფრთხილა ფხენიანი, რომ აშშ მიიღებს ზომებს, მათ შორის სანქციების დაწესებას, თუ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს იარაღს მიაწვდის.

არსებობს შეშფოთება როგორც ვაშინგტონში, ასევე სეულში იმის შესახებ, თუ რას მიიღებს ჩრდილოეთ კორეა ასეთი შეთანხმების სანაცვლოდ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აზიაში სამხედრო თანამშრომლობის გაზრდა ორ ქვეყანას შორის.

სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურის ცნობით, შოიგუმ რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის ერთობლივი საზღვაო წვრთნების ჩატარების წინადადება წამოაყენა – მსგავსი აშშ-ის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის მიერ ჩატარებული წვრთნებისა.

იმასაც შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა ჩრდილოეთ კორეას იარაღი მიაწოდოს მომავალში, იმ დროს, როდესაც ის ფხენიანს ყველაზე მეტად დასჭირდება.

კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რომ კიმ ჩენ ინმა შეიძლება სთხოვოს პუტინს მიაწოდოს მას იარაღის მოწინავე ტექნოლოგია ან ცოდნა ამ ტექნოლოგიებზე, რაც მას ბირთვული იარაღის პროგრამაში სერიოზულ გარღვევაში დაეხმარება.

თუმცა, როგორც BBC წერს, გარიგება შეიძლება უფრო ტრანზაქციული იყოს, ვიდრე სტრატეგიული. ამ დროისთვის, რუსეთს სჭირდება იარაღი, ხოლო სანქცირებულ, შიმშილის ქვეშ მყოფ ჩრდილოეთ კორეას სჭირდება ფული და საკვები.

The New York Times-ი იტყობინება, რომ კიმსა და პუტინს შორის შეხვედრა შესაძლოა რუსეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე, საპორტო ქალაქ ვლადივოსტოკში შედგეს.

ორი ლიდერი ერთმანეთს ბოლოს 2019 წლის აპრილში ვლადივოსტოკში შეხვდა, სადაც კიმ ჩენ ინი მატარებლით ჩავიდა. რუსეთის ოფიციალური პირები მას პურისა და მარილის ტრადიციული შეთავაზებით დახვდნენ. ეს იყო ალბათ ბოლო შემთხვევა, როდესაც კიმმა საზღვარგარეთ იმოგზაურა. შეხვედრის შემდეგ პუტინმა თქვა, რომ კიმს „უსაფრთხოების გარანტიები“ დასჭირდება, რათა უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე.

პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრას წინ უძღოდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერსა და აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის ვიეტნამში გამართული შეხვედრა, რომელზეც კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების საკითხზე პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა.