ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

რუსეთმა განაცხადა, რომ დონეცკის ტერიტორიაზე უკრაინის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 89 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

რუსეთმა განაცხადა, რომ ახალი წლის სარაკეტო თავდასხმა, რომელმაც სულ მცირე 89 რუსი ჯარისკაცი იმსხვერპლა, ჯარისკაცების მიერ თავიანთი მობილური ტელეფონების გამოყენების გამო მოხდა. უკრაინამ 1-ელი იანვრის შუაღამის შემდეგ დაარტყა სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილ კოლეჯს მაკიევკაში, ოკუპირებული დონეცკის ტერიტორიაზე. რუსი სამხედროების განცხადებით, ჯარისკაცების მიერ აკრძალული ტელეფონების გამოყენებამ მტერს საშუალება მისცა დაედგინა თავისი სამიზნე.

მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულთა რაოდენობა არ არის დაზუსტებული, ეს არის ერთი იერიშის განხორცილებისას ყველაზე დიდი მსხვერპლი, რომელიც რუსეთმა აღიარა ამ ომში.

უკრაინა ამტკიცებს, რომ ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია და ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად 400 ჯარისკაცი დაიღუპა და 300 დაიჭრა.

რუსეთმა განაცხადა, რომ ახალი წლის დღეს, ადგილობრივი დროით 00:01 საათზე, პროფესიული კოლეჯის მიმართულებით ამერიკული წარმოების სარაკეტო სისტემა „ჰაიმარსის“ ექვსი რაკეტა გაისროლეს, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს.

პოლკის მეთაურის მოადგილე, ლეიტენანტ-პოლკოვნიკი ბაჩურინი, მოკლულთა შორის იყო, აღნიშნა თავდაცვის ძალების სამხედრო პირმა ოთხშაბათ დილით Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. მასში ასევე ნათქვამია, რომ მომხდარის გარემოებებს კომისია იძიებს. მაგრამ „უკვე აშკარაა“, რომ თავდასხმის მთავარი მიზეზი იყო ჯარისკაცების მიერ მობილური ტელეფონების არსებობა და „მასობრივი გამოყენება“ უკრაინული იარაღის დიაპაზონში, მიუხედავად იმისა, რომ ეს აკრძალულია, დასძინა რუსმა სამხედრო პირმა. „ამ ფაქტორმა მტერს საშუალება მისცა დაედგინა და განესაზღვრა სამხედრო პერსონალის ადგილმდებარეობის კოორდინატები სარაკეტო დარტყმისთვის“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გამოძიების შედეგად დამნაშავედ ცნობილი ოფიციალური პირები სასამართლოს წინაშე წარდგებიან და მიღებული იქნება ზომები იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი ფაქტები თავიდან იყოს აცილებული.

რუსეთმა თავდასხმის დროს დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა 63-დან 89-ამდე გაზარდა, თუმცა არ არსებობს იმის დაზუსტების საშუალება, თუ რამდენი ჯარისკაცი დაიღუპა. ძალზე იშვიათია მოსკოვმა ბრძოლის ველზე რაიმე მსხვერპლი დაადასტუროს.

უკრაინელების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის დროს პროფესიული კოლეჯი სავსე იყო წვევამდელებით – იმ მამაკაცებით, რომლებიც სექტემბერში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ნაწილობრივი მობილიზაციისას გამოძახებულ 300 000-ს შორის იყვნენ. თავდასხმის ადგილთან ახლოს ინახებოდა საბრძოლო მასალაც, რომელიც მთლიანად განადგურდა.

ზოგიერთმა რუსმა კომენტატორმა და პოლიტიკოსმა სამხედროები არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა. მათი თქმით, ჯარისკაცებს ასეთი დაუცველი საცხოვრებელი არასდროს უნდა მიეცეთ.

დონეცკში რუსეთის მარიონეტული ორგანოს ყოფილმა ლიდერმა პაველ გუბარევმა განაცხადა, რომ დიდი რაოდენობით ჯარისკაცების ერთ შენობაში განთავსების გადაწყვეტილება „დანაშაულებრივი დაუდევრობა“ იყო. „თუ არავინ დაისჯება ამის გამო, მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება“, – განაცხადა მან.

მოსკოვის ადგილობრივი პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ანდრეი მედვედევის თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ მომხდარში ჯარისკაცებს, და არა იმ მეთაურს დაადანაშაულებდნენ, რომელმაც თავდაპირველად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამდენი ჯარისკაცი ერთ ადგილას განეთავსებინა.

პრეზიდენტმა პუტინმა სამშაბათს ხელი მოაწერა განკარგულებას სამსახურში დაღუპული ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების ოჯახებისთვის 5 მილიონი რუბლის (57,000 £; 69,000 აშშ დოლარის) გადახდის თაობაზე.

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ BBC-ის სტატიაზე დაყრდნობით