ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს იწყებენ

რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს იწყებენ. როგორც ვარაუდობენ, ბელარუსში 30 000 რუსი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას ერთობლივ წვრთნებში. კრემლის წარმომადგენელმა ერთობლივ წვრთნებს სერიოზული უწოდა და თქვა, რომ რუსეთი და ბელარუსი „უპრეცედენტო საფრთხეების წინაშე დგანან“.

ნატო-ს განცხადებით, ცივი ომის შემდეგ, ერთობლივი წვრთნები რუსეთის სამხედრო შენაერთების ყველაზე დიდ განლაგებას წარმოადგენს ყოფილ საბჭოთა ბელარუსში. თეთრმა სახლმა აღნიშნულს, უკრაინის გარშემო არსებული დაძაბულობის ფონზე, „ესკალაციის გამომწვევი“ ქმედება უწოდა. რუსეთი კი უკვე მერამდენედ აცხადებს, რომ არავითარი გეგმები არ გააჩნია უკრაინაში შეჭრაზე, მიუხედავად იმისა, რომ მის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს დაბანაკებული. მოსკოვის უარმყოფელი განცხადებების მიუხედავად, დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინას ნებსიმიერ დროს შეიძლება დაესხას თავს.

ევროპაში კი მაინც იტოვებენ იმედს, რომ დიპლომატიური ძალისხმევა კონფლიქტის თავიდან არიდების საწინდარი გახდება. მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, რომელიც შემდეგ კიევში ჩავიდა, იქიდან კი სამშობლოში დაბრუნდა, ოთხშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინმა დაარწმუნა იგი, რომ რუსული სამხედრო ძალები არ გააძლიერებენ კრიზისს, მაგრამ რუსეთმა განაცხადა, რომ მას ამგვარი გარანტიები არ მიუცია.

მაკრონის ხელმძღვანელობით ორდღიანი ინტენსიური დიპლომატიის შემდეგ, არსებობს ვარაუდი, რომ განახლებული ფოკუსირება ე.წ. მინსკის შეთანხმებებზე – რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულების საწინადარი უნდა იყოს – შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საფუძველი ახლანდელი კრიზისის განსამუხტად. უკრაინა, რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია მხარს უჭერდნენ აღნიშნულ შეთანხმებებს 2014-2015 წლებში.

უკრაინის კრიზისის მოსაწესრიგებლად და ევროპული უსაფრთხოების გასაძლიერებლად დღეს ევროპაში არაერთი შეხვედრა იგეგმება. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ბალტიის ქვეყნების ლიდერებს შეხვდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც გასულ კვირას კიევში იმყოფებოდა, ნატო-ს მოკავშირეების მხარადასაჭერად ბრიუსელსა და ვარშავაში ჩავა.

guardian.ge