ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ვლადიმერ პუტინი: ყველა, ვინც შეგნებულად დაადგა ღალატის გზას, მოამზადა შეიარაღებული აჯანყება, დაადგა შანტაჟის და ტერორისტული მეთოდების გზას, გარდაუვალ სასჯელს მიიღებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოქალაქეებისადმი სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ „გარდაუვალი სასჯელი“ დაეკისრება მათ, ვინც რუსეთის საზოგადოებას ყოფს. მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა „საჭირო ბრძანება გაცემულია“ კრიზისის გასამკლავებლად. მან აჯანყებულების ქმედებას „ზურგში დანის ჩაცემა“ უწოდა. „ვაგნერის“ დაჯგუფების მეთაურის, პრიგოჟინის ხსენების გარეშე, პუტინმა თქვა, რომ ზოგიერთს დიდმა „ამბიციამ“, „დიდი ღალატი“ ჩაადენინა.

„მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს, შეიარღებული ძალების პირად შემადგენლობას, სამართალდამცველ ორგანოებს და სპეციალურ სამსახურებს, მებრძოლებს და მეთაურებს, რომლებიც ახლა იბრძვიან თავიანთ საბრძოლო პოზიციებზე, იგერიებენ მოწინააღმდეგის თავდასხმებს – აკეთებენ ამას გმირულად. ვიცი. დღეს კიდევ ერთხელ ვესაუბრე ყველა მიმართულების მეთაურებს. მივმართავ მათაც, რომლებიც ტყუილით ან მუქარით ჩაითრიეს დანაშაულებრივ ავანტიურაში, უბიძგეს დიდი დანაშაულისკენ – შეიარაღებული აჯანყებისკენ.

„ქმედებები, რომელიც არღვევს ჩვენს ერთიანობას, სინამდვილეში არის განდგომა ჩვენი ხალხისაგან, ჩვენი თანამებრძოლებისგან, რომლებიც ახლა ფრონტზე იბრძვიან. ეს არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენის ხალხისთვის ზურგში ლახვარის ჩარტყმა.

„და ჩვენი ქმედებები სამშობლოს ასეთი საფრთხისაგან დასაცავად მკაცრი იქნება. ყველა, ვინც შეგნებულად დაადგა ღალატის გზას, ვინც მოამზადა შეიარაღებული აჯანყება, დაადგა შანტაჟის და ტერორისტული მეთოდების გზას, გარდაუვალ სასჯელს მიიღებს, პასუხს აგებს როგორც კანონის, ისე ჩვენი ხალხის წინაშე“, – თქვა პუტინმა.

მან 1917 წლის მოვლენებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი დარტყმა მიაყენეს რუსეთს 1917 წელს, როდესაც ქვეყანა აწარმოებდა პირველ მსოფლიო ომს.

„ეს არის ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნისთვის ზურგში დარტყმა. სწორედ ასეთი დარტყმა მიაყენეს რუსეთს 1917 წელს, როდესაც ქვეყანა აწარმოებდა პირველ მსოფლიო ომს. თუმცა, გამარჯვება მას მოჰპარეს. ინტრიგები, დავები, პოლიტიკანობა არმიის და ხალხის ზურგს უკან დასრულდა უდიდესი კატასტროფით, არმიის დანგრევით და სახელმწიფოს დაშლით, უზარმაზარი ტერიტორიების დაკარგვით, საბოლოო ჯამში, სამოქალაქო ომის ტრაგედიით.

რუსები კლავდნენ რუსებს, ძმები – ძმებს, ანგარებიან სარგებელს კი, პოულობდნენ სხვადასხვა სახის პოლიტიკური ავანტიურისტები და საზღვარგარეთული ძალები, რომლებიც ყოფდნენ ქვეყანას, აქუცმაცებდნენ მას ნაწილებად. ჩვენ არ დავუშვებთ ამის განმეორებას. დავიცავთ ჩვენს ხალხს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას ნებისმიერი საფრთხეებისგან, მათ შორის შიდა ღალატისგან, ხოლო ის, რის წინაშეც ჩვენ დავდექით, ეს სწორედ რომ ღალატია. უსაზღვრო ამბიციებმა და პირადმა ინტერესებმა შედეგად გამოიღო ქვეყნისა და ხალხის ღალატი, ასევე იმ საქმის ღალატი, რომლისთვისაც გვერდიგვერდ ჩვენს სხვა სამხედრო დანაყოფებთან იბრძოდნენ და იღუპებოდნენ „ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლები და მეთაურები“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინის მიმართვამდე რამდენიმე წუთის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები მათი მეთაურის, პრიგოჟინის მიერ „ჩათრეული არიან კრიმინალურ ავანტიურაში და შეიარაღებულ ამბოხში“.

სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ვაგნერის“ წევრებმა „უკვე გააცნობიერეს თავიანთი შეცდომა“ და ახლა სურთ დახმარება ხელისუფლებისაგან, რომ „უსაფრთხოდ დაბრუნდნენ“ თავიანთი მუდმივი დისლოკაციის ადგილას. უწყებას ამის რაიმე დამადასტურებელი სამხილი არ წარმოუდგენია.

ამავდროულად, ტელეარხმა „Rossiya 24“ გაავრცელა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ თითქოს „ვაგნერის“ წევრები რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ ბრუნდებიან. პრიგოჟინს – რომელიც ამტკიცებს, რომ მის მეთაურობის ქვეშ 25 000 მებრძოლი ირიცხება – ჯერ არ გაუკეთებია საჯარო კომენტარი თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე.

ამასობაში კი ვრცელდება ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს იუნუს-ბეკ იევკუროვს ხვდება. უცნობია თუ სად არის გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პრიგოჟინი იევკუროვთან და რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მოადგილესთან, ვლადიმერ სტეფანოვიჩ ალექსეევთან ერთად ზის.

პრიგოჟინმა რუსეთის გენშტაბის უფროსთან ვალერი გერასიმოვთან და რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან შეხვედრა მოითხოვა. ვიდეო კადრები სავარაუდოდ, რუსეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ დონის როსტოვში სამხედრო შტაბ-ბინაშია გადაღებული.

მანამდე, ვორონეჟის რეგიონის გუბერნატორმა დაჟინებით მოუწოდა მოქალაქეებს თავი აარიდონ რუსეთის სამხრეთ რეგიონებთან დამაკავაშირებელ M4 ავტომაგისტრალზე გადაადგილებას, რადგან ამ მიმართულებით სამხედრო კოლონები მიემართებიან. უსაფრთოხების ზომებია გაზრდილი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, კრემლის მიმდებარედ სამხედრო ტექნიკაა განლაგებული.

„ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის ოფიციოზი ირწმუნება, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და შედგენილია გეგმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად.

M4 ავტომაგისტრალი 1 500 კილომეტრზე მეტია და მოსკოვს ქალაქებთან – ვორონეჟთან, უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე როსტოვთან და კრასნოდართან აკავშირებს.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები სამხედრო ტექნიკის თანხლებით, სავარაუდოდ, როსტოვის მიმართულებით გადაადგილდებიან, თუმცა აღნიშნულის აბსოლუტური სიზუსტით დადასტურება ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი.

„ვაგნერის“ მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა „ტელეგრამით“ გავრცელებულ აუდიო მიმართვაში განაცხადა, რომ მისმა მებრძოლებმა უკრაინიდან რუსეთის საზღვარი გადაკვეთეს, რუსეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ როსტოვში იმყოფებიან, მზად არიან „მთელი გზით“ მოსკოვის სამხედროების წინააღმდეგ წავიდნენ და გაანადგურონ ყველა, ვინც მათ გადაეღობება.

რუსეთის „ფე-ეს-ბემ“ (ФСБ) სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსული სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ მფლობელის წინააღმდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის ჩამოგდების შესახებ მის მუქარას უკავშირდება.

ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ, უკრაინაში, სადაც „ვაგნერის“ ჯარისკაცები რუსეთის სასარგებლოდ უკრაინული ძალების წინააღმდეგ იბრძვიან, მათზე სარაკეტო დარტყმების განხორციელების ბრძანების გაცემაში დაადანაშაულა.

პრიგოჟინმა თქვა, რომ თავისი ჯარები ახლა რუსეთში, შოიგუს დასასჯელად უნდა დაიძრან და დაჟინებით მოუწოდა არმიას, არ გაუწიონ წინააღმდეგობა. პროგოჟინმა გამოაცხადა: „ეს არის არა შეიარაღებული აჯანყება, არამედ სამართლიანობის მარში“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო პრიგოჟინის ბრალდება და ეროვნულმა ანტი-ტერორისტულმა კომიტეტმა, კონტრტერორიზმის სტრუქტურაში ქვეყნის უმაღლესმა ორგანომ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო სამხედრო გადატრიალების მოწოდებების გამო.

კრემლის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ინფორმირებულია არსებული მდგომარეობის შესახებ და „ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული“.

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ