ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკის საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 39 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

მაშველებმა რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში გაზის გაჟონვის შედეგად 31 დეკემბერს ჩამოშლილი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში ყველა ცხედარი იპოვეს, იტყობინება „რია ნოვოსტი“.

„დღეს ნანგრევებიდან ბოლო, 39-ე ცხედარი ამოვიყვანეთ. დარწმუნებულები ვართ, რომ მეტი ადამიანი შენობის ნანგრევებში აღარ არის. საგანგებო შემთხვევების სამინისტრო წყვეტს სამაშველო ოპერაციას“, უთხრა რუსულ მედიას საგანგებო შემთხვევების სამინისტროს ხელმღვანელის მოადგილემ ალექსნდრ ჩუპრიანმა.

მისივე თქმით, ნანგრევებიდან ამოყვანილია 6 ბავშვის, 12 მამაკაცის და 21 ქალის ცხედარი.

აფეთქება ორშაბათს, ადგილობრივი დროით 06:02 საათზე მოხდა და ვარაუდობენ, რომ აფეთქების ეპიცენტრი 10-სართულიანი კორპუსის პირველი სართული იყო, სადაც ოფისები იყო განთავსებული და ამის შემდეგ დანარჩენი 9 სართული ჩამოიქცა. დაზიანებები აქვს მიღებული ახლომდებარე საცხოვრებელ ბინებსაც.

ქალაქი მაგნიტოგორსკი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 1 695 კილომეტრში მდებარეობს.

მაშველებმა ახალი წლის ღამეს საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში 11 თვის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. 

11 თვის ბავშვი, სახელად ივანი, რომელიც გონებაზე იმყოფება, მაგრამ „უკიდურესად კრიტიკულ“ მდგომარეობაშია, თავდაპირველად ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩვილს კიდურების მძიმე მოყინულობა აღენიშნება და ქალაქ მაგნიტოგორსკის საავადმყოფოდან მისი მოსკოვში ევაკუაცია განხორციელდა.

გაზისგან გამოწვეულ აფეთქებას ბავშვის დედაც გადაურჩა.

როგორ იპოვეს ჩვილი მაშველებმა?

ბავშვი თავის საწოლში, საბანში შეხვეული იპოვეს ურალის რეგიონის ქალაქ მაგნიტოგორსკში, სადაც დღისით ტემპერატურა -17 გრადუსი ცელსიუსია.

ერთ-ერთი მაშველი, პიოტრ გრიშჩენკო აღწერს, თუ როგორ იპოვა ჩვილი, რომელზეც თავდაპირველად იფიქრა, რომ გოგო იყო.

„ჩვენ დარწმუნებული უნდა ვყოფილიყავით, რომ იქ სიწყნარე ყოფილიყო, რომ გაგვეგო ხმა გამოდიოდა თუ არა“, უთხრა მან რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას, „რასია 24“-ს.

„ჩვენს ჯგუფში ერთ-ერთმა მაშველმა, ანდრეი ვალმანმა, მომიჯნავე საცხოვრებელი კორპუსის სიახლოვეს, ჯერ კიდევ მდგარი კორპუსის ნაწილთან, ბავშვის ტირილი გაიგო.

„ამის შემდეგ ჩვენ ხელსაწყოებით მუშაობა შევწყვიტეთ იმისათვის, რომ კვლავ დავრწმუნებულიყავით და სმენად გადავიქეცით. როდესაც ჩვენ ვთქვით ‘წყნარად!’ ბავშვს რეაქცია ჰქონდა და ისიც დაწყნარდა. როდესაც ჩენ ვთქვით ‘სადა ხართ?’ მან ისევ რეაქციით გვიპასუხა.

როდესაც ჩვენ დავრწმუნდით, ჩვენი ცენტრის ხელმძღვანელმა, რომელიც უფრო გამოცდილია, თქვა: ‘ეს არის ის ადგილი, სადაც ჩვენ უნდა ვიმუშავოთ’ და გვითხრა, მოგვეცილებინა ნანგრევები“.

ქალაქში, არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩავიდა.

guardian.ge