საქართველო

როცა წინ თოვლის სუდარაში გახვეული უმშვენიერესი დაშბაში გელოდება

რამდენიმე წლის წინათ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი დაშბაში, რომელიც თბილისიდან დაახლოებით 90 კმ მანძილზე მდებარეობს,  საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას გაგებულიც კი არ ჰქონდა, თუმცა დაშბაშის კანიონის გარშემო ინფრასტრუქტურული პროექტის – უნიკალური მინის ხიდის (ღირებულება 15 მილიონი აშშ დოლარი) განხორციელების დაწყების შემდეგ, რომლის დასრულებაც 2020 წლის ზაფხულში იგეგმება, ეს ადგილი არა მარტო საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ აქ ვიზიტად ჩამოსული უცხოელი ტურისტებისთვისაც კი ნაცნობი გახდა.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: სოფელ დაშბაშის და კანიონის მიმდებარე ტერიტორია

დაშბაშის კანიონი – უნიკალური, თვალწარმტაცი კასკადური ჩანჩქერებით და ფაუნით – ახლო მომავალში მსოფლიო ტურისტულ რუკაზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს და ვარაუდობენ, რომ კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ იქ ტურისტების რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს.

თბილისიდან წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშისკენ, საჯარო სკოლის დირექტორთან, ქალბატონ ევა კალაჩიანთან და სკოლის პედკოლექტივთან შესახვედრად ორშაბათს, 20 იანვარს, ადრიანად გავემგზავრეთ – მარშრუტით – თბილისი-წყნეთი-მანგლისი-წალკა.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: პანტიანისკენ მიმავალი გზა

წყნეთში მცირე, კოჯრისა და კიკეთის გზასაყარამდე არმისული და იქიდან კი, პანტიანისა და ორბეთი-დიდგორი-მანგლისის გზაზე თოვლი უკვე ბარაქიანად იდო. ამ გზაზე, რომლის გავლასაც ნელი სვლით 1 საათამდე მოვანდომეთ, სულ ორიოდე ავტომანქანა შეგვხვდა. ჩვენი დაკვირვებით, აქ სხვა დროსაც არ მოძრაობენ ავტომობილები ინტენსიურად, თუმცა ამჯერად, დილის 8:30 საათიდან 9:30 საათამდე ორმა ავტომანქანამ ჩაგვიარა, საერთოდ კი გარშემო, რომ იტყვიან, ძეხორციელის ჭაჭანება არ იყო.

თბილისიდან სულ რაღაც 20-იოდე კილომეტრში, ქათქათად გადაპენტილი ულამაზესი სივრცე, თოვლით დახუნძლული წიწვოვანი თუ ფოთლოვანი ხეები ერთობლიობაში ისეთ სასიამოვნო გარემოს ქმნის, რომ გეძალება ფიქრი – დასანანია თოვლს მონატრებული ადამიანების კვალის დამჩნევის გარეშე გაქრეს ეს ჯადოსნური სანახაობა, მით უფრო როცა თბილისში ბოლო წლებში არათუ თოვლი, ახლომდებარე მთებიდან ქარისგან მონაბერი, მკრთალად მოფარფატე ფიფქებიც კი სანატრელი გახდა.

დგახარ ფაფუკი თოვლით დახუნძლული, ტოტებმოხრილი, მაგრამ ამაყი ხეების ქვეშ, ხარბად სუნთქავ გაყინულ ცისფერ ჰაერს და გონების თვალს ავლებ დედაქალაქს, სადაც დროის ამ მონაკვეთში, გადაჭედილ ავტობუსებსა თუ სამარშრუტო ტაქსებში ზედახორაში, ანდა თუგინდ შენს ავტომობილში, საცობის გრძელ რიგში ელოდები დანიშნულების ადგილამდე  მისვლას.

ძნელია შეელიო ასეთი გარემოს მოწყვეტას და გზის გაგრძელებას, მაგრამ როცა იცი, რომ წინ დათოვლილი, აშოლტილი წიწვოვანი ხეებითა და ტყეებით გარშემორტყმული და თოვლის სუდარაში გახვეული უმშვენიერესი დაშბაში გელოდება, მაშინ სინანულის უკან მოტოვება ადვილი ხდება.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: სოფელი დაშბაში

დაშბაშიც წინაღამით მოსულ თოვლშია ჩაფლული, თუმცა აქ ეს არავის უკვირს. გაკვირვების საგანს უფრო ის წარმოადგენს, რომ კლიმატის ცვლილების ეპოქაში ზამთარი აქაც შერბილდა და თოვლის სახით ნალექის მოსვლამ სულ უფრო და უფრო იკლო. მაგრამ, იმატა, თან რეკორდულად, დაშბაშის კანიონის ნახვის მსურველთა რიცხვმა.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: დაშბაშის საჯარო სკოლის დირექტორი ევა კალაჩიანი

„ვფიქრობთ, აქ, სულ რამდენიმე წელიწადში ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ წარიმართება“, ეუბნება „ბიზნესკონტინენტს“ დაშბაშის საჯარო სკოლის დირექტორი – მაღალი, ცისფერთვალება და სანდომიანი ქალბატონი ევა კალაჩიანი.

„დაშბაშის კანიონი უკვე იქცა ტურისტულ სანახაობად“, განაგრძობის ქალბატონი ევა. „გარშემო ბევრი რამ კეთდება. სოფელშიც კი მოიმატა უძრავი ქონების ფასმა. თუკი, მაგალითად, აგერ ჩვენი სკოლის წინ მდებარე ეს ორსართულიანი სახლი – გვიჩვენებს თავისი კაბინეტიდან ქალბატონი ევა – გასულ წელს 10 000 აშშ დოლარად გაიყიდა, ახლა უკვე , ასეთივე სახლი 15 000 დოლარი ღირს.

შეხედეთ, როგორი სილამაზეა, სულ ტყეებია გარშემო. ჩვენს სოფელს წალკის მუნიციპალიტეში საუკეთესო ადგილმდებარეობა აქვს. შეგიძლიათ, სანამ ჯერ კიდევ არ არის გაძვირებული აქ სახლები, თქვენც იყიდოთ, ოღონდ თუ აქ დასახლდებით, აუცილებლად უნდა იყოლიოთ საქონელი – ძროხა (იცინის)“.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: დაშბაშის საჯარო სკოლის დირექტორი ევა კალაჩიანი

ქალბატონი ევა კალაჩიანი1968 წლიდან უწყვეტად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და მე-15 წელია რაც წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორია. მას ორი უმაღლესი სასწავლებელი – თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი (სპეციალობა: დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა; დაამთავრა სომხურ ენაზე) და კიროვაკანის (ახლანდელი ვანაძორი) უნივერსიტეტი (ფილოლოგიის ფაკულტეტი) წარჩინებით აქვს დამთავრებული. მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია მშობლიური სკოლისთვის და ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ დაშბაშის საჯარო სკოლა კვლავაც მოწინავე სკოლების რიგებში იყო.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: ხელმარცხნივ, მაია გრიგორიანი – დაშბაშის საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელი; შუაში, ლუსინე კალაჩიანი – ბუნების, მუსიკის და ხელოვნების მასწავლებელი; მარჯვნივ, ანი ბადალიანი – მათემატიკის მასწავლებელი;

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: თამუნა გობაძე – ისტორიის მასწავლებელი – მაძიებელი

აღსანიშნავია, რომ დაშბაშის საბაზო სკოლას, სადაც მიმდინარე სასწავლო წელს 22 მოსწავლე ირიცხება, 15 იანვრიდან სამი უფროსი მასწავლებელი შეემატა.

ლუსინე კალაჩიანი – ბუნების, მუსიკის და ხელოვნების მასწავლებელი, რომელმაც საგნის გამოცდა ბუნებაში ჩააბარა;

ანი ბადალიანი – მათემატიკის მასწავლებელი;

მაია გრიგორიანი – ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელი.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: ლუსინე კალაჩიანი ხელოვნების გაკვეთილს ატარებს.

დაშბაშის საჯარო სკოლის ბუნების უფროსმა მასწავლებელმა ლუსინე კალაჩიანმა წითელ დიპლომზე დაამთავრა თბილისის ერთ-ერთი უნივერსიტეტი – რუსულ ენაზე და ახლა ნანობს, რომ ქართული სექტორი არ აირჩია, რადგან მისი კარიერული განვითარებისთვის ქართულ ენას, როგორც საქართველოს სახელმწიფო ენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მას და არაქართულენოვანი სკოლების სხვა პედაგოგებს სტატუსის ასამაღლებლად პროფესიული უნარების გამოცდების ჩაბარება სწორედ ქართულ ენაზე უწევთ და თვით ქართულენოვანი პედაგოგებისთვისაც კი რთულ გამოცდად მიჩნეული პროფესიული უნარები, ბუნებრივია მათთვის კიდევ უფრო რთულია, რადგან საგნებისაგან განსხვავებით ეს გამოცდა არა მშობლიურ ენაზე, არამედ ქართულად ბარდება.

„ყველა დაბრკოლების გადალახვის სათავე მაინც მოტივაციაა, ძლიერი მოტივაცია“, ამბობს „ბიზნესკონტინენტთან“ საუბარში ლუსინე და განაგრძობს:

„მთელი მონდომებით მოვემზადეთ და ჩავაბარეთ, რაიმე განსაკუთრებული საგმირო საქმე არ ჩაგვიდენია. უბრალოდ, პრაქტიკოს მასწავლებლებს სხვა გამოსავალი არ გვქონდა და სკოლაში მუშაობის გაგრძელების ერთადერთი გზა გამოცდების ჩაბარება იყო. მე არაფრით არ გამოვირჩევი სხვებისგან. სხვებმაც ისევე იშრომეს, როგორც მე და ცოტა მეუხერხულება კიდეც იმის ხაზგასმა, რომ უფროსი მასწავლებელი გავხდი. თუმცა ერთი რამ ალბათ მაინც უნდა ითქვას იმ სომეხი პედაგოგების სასახელოდ, რომლებმაც პროფესიული უნარების გამოცდის ქართულ ენაზე წარმატებით ჩაბარება შეძლეს, რადგან არამშობლიურ ენაზე, დამერწმუნეთ, საკმაოდ რთულია ისედაც რთული გამოცდის ჩაბარება“.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: ლუსინე კალაჩიანი ხელოვნების გაკვეთილს ატარებს.

იგი ამბობს, რომ კლასში ძალიან ნიჭიერი ბავშვები ჰყავს და გამომდინარე იქიდან, რომ მცირეკონტინგენტიანი სკოლაა, პედაგოგებს შესაძლებლობა გააჩნიათ მეტი ყურადღება მიაქციონ აღსაზრდელებს, რაც მათი სწავლების დონის ამაღლებას ემსახურება.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: დაშბაშის საჯარო სკოლის რუსული ენისა და სპორტის უფროსი მასწავლებელი ჟანარ კალაჩიანი რუსული ენის გაკვეთილის ჩატარების პროცესში. 

ლუსინე კალაჩიანზე, მაია გრიგორიანზე და ანა ბადალიანზე უფრო ადრე რუსულის და სპორტის პედაგოგმა ჟანარ კალაჩიანმა ორივე საგანში – რუსულ ენასა და ლიტერატურაში და სპორტში, ასევე პროფესიულ უნარებშიც ჩააბარა გამოცდა და უფროსი მასწავლებლის სტატუსი 2019 წლის სექტემბრიდან მიიღო.

ქალბატონი ჟანარი ყაზახეთიდანაა, ეროვნებით ყაზახი და საქართველოს ბედი მე-20 საუკუნის 90-იან წლებში დაუკავშირა. აქ შექმნა ოჯახი, ჰყავს მეუღლე, შვილები  და თავს ბედნიერად გრძნობს.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: დაშბაშის საჯარო სკოლის რუსულის და სპორტის უფროსი მასწავლებელი ჟანარ კალაჩიანი

„როცა საქართველოში შევუდექი ცხოვრებას, ძალიან რთული პერიოდი იყო. მე არ დავიწყებ საუბარს და შეფასებებს მაშინდელი პრეზიდენტის, შევარდნაძის შესახებ. ის შეიძლება კარგი ლიდერიც იყო, მაგრამ გამომდინარე იმ სირთულეებიდან, რაც საბჭოთა კავშირის დანგრევას მოჰყვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში და საქართველოში განსაკუთრებით, აქ ცხოვრება არც ისე სახარბიელო იყო. მახსოვს ერთხელ, უგზოობის და უტრანსპორტობის პირობებში, ზამთარში, თბილისიდან წალკამდე, თქვენ წარმოიდგინეთ, სამი დღე-ღამე მოვდიოდით. ახლა თავადაც უყურებთ როგორ არის სურათი შეცვლილი“, ამბობს „ბიზნესკონტინენტთან“  საუბრისას ჟანარ კალაჩიანი.

ქალბატონი ჟანარი თავისუფლად საუბრობს ყაზახურ, რუსულ, სომხურ და ქართულ ენებზე. პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებამდე ცოტა ხნით ადრე მშობლიურ ყაზახეთში მოუწია წასვლა, სადაც მატარებლით მგზავრობისას მის გვერდით მჯდომი ერთ-ერთი მგზავრის, ეროვნებით ქართველის, მაგრამ ბავშვობის შემდგომი პერიოდიდან რუსეთსა და ყაზახეთში მცხოვრები მამაკაცის აღფრთოვანების ობიექტად იქცა, როცა ამ შემთხვევით გაცნობილმა ადამიანმა გაოცება ვერ დამალა, რომ მას ხელთ ქართული წიგნი ეკავა და კითხულობდა.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: დაშბაშის საჯარო სკოლის რუსულის და სპორტის უფროსი მასწავლებელი ჟანარ კალაჩიანი

„მითხრა, შენ საიდან იცი ქართულიო, როცა ლამის მე მაქვს დავიწყებული ჩემი მშობლიური ენაო და ქართულად წერა-კითხვას ძლივს ვახერხებო. მე ვუპასუხე, თქვენ რომ გგონიათ ისე კარგად კი არ ვიცი ქართული, მაგრამ იმდენს ვახერხებ, რომ ვიკითხო და აზრი გამოვიტანო-თქო. ხმამაღლა წამაკითხა მცირე მონაკვეთი და მითხრა: არა, არა, თქვენ მშვენივრად კითხულობთ და საუბრობთო, მე კი სიცილით ვუპასუხე, რომ ეს თქვენ გგონიათ-მეთქი ასე (იცინის)“, ხალისიანად მოუყვა ყაზახეთში მატარებლით მგზავრობისას გადახდენილი ამბავი „ბიზნესკონტინენტს“ ჟანარ კალაჩიანმა, რომლის შესახებაც მომავალში ვრცელ სტატიას შემოგთავაზებთ.

საერთოდ უნდა ითქვას, რომ დაშბაშის საჯარო სკოლაში ძალზე კარგი, მეგობრული და თბილი ატმოსფერო სუფევს. აქ საოცარი წესრიგი იგრძნობა და კარგად არის დაცული სისუფთავე.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: დაშბაშის საჯარო სკოლის დირექტორი ევა კალაჩიანი

ქალბატონმა ევამ ერთი დღით დაშბაშში დარჩენა შემოგვთავაზა. შევპირდით, რომ გაზაფხულზე ან ზაფხულში კვლავ ვეწვევით იქაურობას, თანაც დარჩენით.

დაშბაშიდან უკანა გზაზე, მანგლისის გადასახვევიდან, თბილისისკენ მიმავალი საავტომობილო გზის თითქმის მთელ პერიმეტრზე თოვლი დამდნარი დაგვხვდა, თუმცა გზის გადაღმა მინდვრებსა და ხეებზე კვლავ უხვად იყო შემორჩენილი. მთავარი კი ისაა, როცა გულს ადამიანების სითბო და სიყვარული შემორჩება. სიკეთით სავსე ქალბატონი ევა კალაჩიანის, მისი პედკოლექტივისა და აღსაზრდელების სითბო და სიყვარული კი დიდხანს შემოგვრჩება.

მომზადებულია მედიაორგანიზაცია „ბიზნესკონტინენტის“ დაკვეთით