საქართველო

რომან გოცირიძე: ეროვნული ბანკის მიერ ინფორმაციის დამალვა, რაგინდ კეთილი მიზნებით უნდა იყოს განპირობებული, საბოლოო ჯამში იწვევს უარეს შედეგებს

„კიდევ ერთხელ ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტით ვაჭრობის შესახებ ინფორმაციის არაგამჭვირვალობაზე: გუშინ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ თებერვლის თვეში ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 77,5 მილიონი დოლარი. მარტის თვეშიც გაგრძელდა ალბათ ეს პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი ზრდის რეზერვებს ლარის დასუსტების ხარჯზე.

აქ არ არის საუბარი იმაზე, სწორია ეს თუ არასწორი. აქ ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად დროულად და სწორად იღებს ინფორმაციას ბაზარი და დაინტერესებული პირები.

რას გვაძლევს ეს რიცხვი, 77,5 მილიონი დოლარი? ბევრს არაფერს. ეს ინფორმაცია ჯერ ერთი  ხელმისაწვდომი ხდება მომდევნო თვის 25 რიცხვში, მეორეც, ეს არის ე. წ. სუფთა რიცხვი და არ ვიცით რამდენი მილიონი დოლარი გაყიდა და რამდენი იყიდა ეროვნულმა ბანკმა. აქ მხოლოდ სხვაობაა მოცემული ამ ორ მაჩვენელს შორის. მაგ. იყიდა ასი მილიონი, გაყიდა 25, სხვაობა გამოვიდა წმინდა შესყიდვა 75.

ყიდვა-გაყიდვის შესახებ ინფორმაცია გვაძლევს იმის დადგენის შესაძლებლობას, რამდენად ერევა ეროვნული ბანკი კურსის ფორმირებაში, რამდენად იყენებს რყევების შესარბილებლად თუ რეზერვების შესავსებამ მის ამ ინსტრუმენტს.

თუ დავაკვირდებით სავალუტო ბაზრის დინამიკას, დიდი ალბათობით შეიძლება ვთქვათ, რომ თებერვლის თვეში ეროვნული ბანკი მხოლოდ ყიდულობდა უცხოურ ვალუტას. რაც შეეხება მარტის თვეს, აქ სურათი ცოტა განსხვავებულია. როგორც ჩანს, ეროვნული ბანკი კვლავ აგრძელებდა შესყიდვებს, ვერ გათვალა სწორად ბაზარზე არსებული ტენდენციები, ლარმა დაიწყო გაუფასურება და მის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა დაიწყო შეძენილი უცხოური ვალუტის უკან ჩაბრუნება, ანუ გაყიდვა ლარის კურსის შესანარჩუნებლად. მარტის თვის შედეგებით, შესყიდვები მაინც მეტი იქნება, რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ფარგლებში.

ეს ყველაფერი ვარაუდებია. ვერასდროს გავიგებთ რამდენი გაყიდა და რამდენი იყიდა. 25 აპრილს გავიგებთ მხოლოდ ერთ რიცხვს, სხვაობას გაყიდულ და ნაყიდ დოლარებს შორის.

როდესაც სავალუტო აუქციონზე, ანუ განსხვავებულ პლატფორმაზე ხდება ვალუტით ვაჭრობა, ინფორმაცია იმავე დღესვე ხდება ცნობილი, აუქციონის გარეშე, ე. წ Bmatch პლატფორმაზე კი, ფაქტობრივად გასაიდუმლოებული, რომელსაც ნაწილობრივ ერთი თვის დაგვიანებით ვიგებთ.

ინფორმაციის დამალვა, რაგინდ კეთილი მიზნებით უნდა იყოს განპირობებული, საბოლოო ჯამში იწვევს უარეს შედეგებს, მათ შორის აჩენს მისი არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკებს“, – წერს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.