მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

რექს ტილერსონმა რუსეთის „საგანგაშო ქცევისა და ქმედებების“ შესახებ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა

თანამდებობიდან დათხოვნილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა რუსეთის „საგანგაშო ქცევისა და ქმედებების“ შესახებ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა.

სახელმწიფო დეპარტამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას ტილერსონმა თქვა, რომ კარგი სამუშაო იქნა ჩატარებული იმისათვის, რომ უკეთესი ურთიერთობები ჩამოყალიბებულიყო ჩინეთთან და შეკავებულიყო ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეიარაღების პროგრამა, მაგრამ დაამატა: „კიდევ ბევრი სამუშაო რჩება იმ მხრივ, რომ პასუხი გაეცეს რუსეთის მთავრობის საგანგაშო ქცევას და ქმედებებს“.

„რუსეთმა სიფრთხილით უნდა შეაფასოს თუ რამდენად არის მისი ქმედებები საუკეთესო თანხვედრაში რუსი ხალხის ინტერესებთან და უფრო ფართოდ რომ ვთქვათ, მსოფლიოსთან. მათი ახლანდელი ტრაექტორიის გაგრძელებამ, მოსალოდნელია, რომ მათი უფრო დიდი იზოლაციისკენ წაიყვანოს საქმე – მდგომარეობა, რომელიც არავის ინტერესში არ შედის“.

როგორც BBC წერს, ტილერსონმა, რომელიც უსიცოცხლო და შოკირებული ჩანდა, განაცხადა, რომ იგი ესაუბრა პრეზიდენტს, რომ მომავალი დღეების განმავლობაში უზრუნველყოფილი იყოს ძალაუფლების შეუფერხებლად გადაცემის პროცესი.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ტილერსონი 31 მარტამდე თანამდებობას არ ტოვებს, სახელმწიფო დეპარტამენტს მისი მოადგილე ჯონ სულივანი უხელმძღვანელებს, რადგან ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი მაიკ პომპეოს დამტკიცების პროცესს დრო ესაჭიროება.

„ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ვუზრუნველვყოთ დისციპლინირებული და შეუფერხებელი ცვლილება იმ დროის განმავლობაში, როცა ქვეყანა განაგრძობს მნიშვნელოვანი პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე პირისპირ ყოფნას“, განაცხადა ტილერსონმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ოფიციალურად „თვითერის“ მეშვეობით გაათავისუფლა თანამდებობიდან და მის შემცვლელად ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი მაიკ პომპეო დაასახელა.

ტილერსონის პრესმდივანმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანმა მხოლოდ მაშინ გაიგო მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ამბავი, როცა პრეზიდენტის „თვითერზე“ გაკეთებული განცხადება ნახა, სადაც მას მადლობას უცხადებდნენ აშშ-ის უმაღლესი დიპლომატის სამსახურის გაწევისთვის.

მოგვიანებით, თეთრი სახლის გარეთ რეპორტიორებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ტილერსონთან მისი განსხვავებულობა პიროვნულ „ქიმიას“ გასცდა.

„ჩვენ ერთმანეთს ფაქტობრივად, კარგად ვეწყობოდით, მაგრამ ჩვენ გვქონდა უთანხმოება გარკვეულ საკითხებზე“, თქვა პრეზიდენტმა.

„როდესაც ირანის [ბირთვულ] შეთანხმებაზე დგება ჯერი, მე ვფიქრობ, რომ ის საშინელებაა. ჩემი ვარაუდით, იგი ფიქრობდა, რომ ის იყო კარგი.

„რაც შეეხება მაიკს, მაიკ პომპეოს, ჩვენ ძალიან მსგავსი აზრები გაგვაჩნია. ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან კარგად გაგრძელდება“.