ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

პუტინმა და მაკრონმა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები გამართეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უახლოესი დღეები უკრაინის გარშემო ჩიხში შესული მდგომარეობის დეესკალაციისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.

მაკრონმა, რომელმაც პუტინთან ხუთ საათზე მეტი დაჰყო სუფრაზე, რომელზეც BBC-ის ცნობით, სხვა კერძებთან ერთად ტკბილი კარტოფილით და მაყვლით მომზადებული ჩრდილოეთის ირმის ხორცი იდო, ჟურნალისტებს უთხრა, რომ უახლოესი დღეები „გადამწყვეტი“ იქნება და „საჭიროებს ინტენსიურ განხილვებს, რომელსაც ჩვენ ერთად განვაგრძობთ“.

რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მაკრონის ზოგიერთმა წინადადებამ „შესაძლოა მომავალი ერთობლივი ნაბიჯების საფუძველი შექმნას“, თუმცა დაამატა, რომ ამაზე „ალბათ ჯერ კიდევ ნაადრევია საუბარი“.

პუტინი და მაკრონი კიდევ ერთხელ ისაუბრებენ უკრაინის კრიზისის განმუხტვის გზებზე მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ლიდერი კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

პუტინმა მოგვიანებით გაიმეორა ადრინდელი გაფრთხილებები იმის თაობაზე, რომ თუკი უკრაინა შუერთდება დასავლეთის სამხედრო ბლოკს, ნატოს, და შეეცდება ყირიმის ძალისმიერი გზით დაბრუნებას – რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა – ევროპა შესაძლო დიდ კონფლიქტში იყოს ჩათრეული.

„გინდათ, საფრანგეთმა რუსეთთან იბძოლოს?“ – ჰკითხა პუტინმა ფრანგ ჟურნალისტებს და დაამატა: „ეს არის ის, რაც შეიძლება მოხდეს. და გამარჯვებული არავინ იქნება“.

guardian.ge