ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

პუტინმა განაცხადა, რომ მათ, ვინც გერმანიას რუსეთთან ახალ ომში ითრევს და მოელის, რომ გაიმარჯვებენ, არ ესმით, რომ თანამედროვე ომი მოსკოვთან განსხვავებული იქნება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მათ, ვინც გერმანიას რუსეთის ფედერაციასთან ახალ ომში ითრევს და მოელის, რომ გაიმარჯვებენ, არ ესმით, რომ თანამედროვე ომი რუსეთთან განსხვავებული იქნება და ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს „არ დასრულდება ჯავშანტექნიკის გამოყენებით“.

სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების მე-80 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა თქვა, რომ „აქ, სტალინგრადის მიწაზე, დიადი რუსული მდინარის, ვოლგის ნაპირებზე, შეჩერდა და უკან დაახევინეს მოძულე, სასტიკ მტერს, რითაც დასრულდა ხანგრძლივი, 200-დღიანი ულმობელი ბრძოლა სტალინგრადისთვის, რამაც მთელი მეორე მსოფლიო ომის ბედი გადაწყვიტა, სტალინგრადი კი სამუდამოდ დარჩა ჩვენი ხალხის გაუტეხლობის სიმბოლოდ“.

პუტინმა აღნიშნა, რომ ნაციზმის იდეოლოგია, მისი თანამედროვე გამოვლინებით, კვლავ დიდი გამოწვევაა რუსეთის უსაფრთხოებისთვის.

„ახლა, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ნაციზმის იდეოლოგია უკვე მისი თანამედროვე სამოსით, მისი თანამედროვე გამოვლინებით კვლავ პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ჩვენ კვლავ და კვლავ იძულებულნი ვართ, მოვიგერიოთ კოლექტიური დასავლეთის აგრესია. ფაქტია, რომ ჩვენ კვლავ გვემუქრებიან გერმანული ტანკებით, „ლეოპარდებით“ და კვლავ აპირებენ ბრძოლას რუსეთის ფედერაციასთან უკრაინის მიწაზე ჰიტლერის მემკვიდრეებით, ბანდერელების ხელით“, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ რუსეთს მსოფლიოში ბევრი მეგობარი და მოკავშირე ჰყავს და მათ შორის, ამერიკის კონტინენტზე, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში და გამაფრთხილებლად აღნიშნა, რომ რუსეთისადმი არაკეთილმოსურნეთათვის, მოსკოვთან ომი „არ დასრულდება ჯავშანტექნიკის გამოყენებით“.

„მაგრამ მათ, ვინც ევროპულ ქვეყნებს, მათ შორის, გერმანიას, რუსეთთან ახალ ომში ითრევს, და მით უფრო, უპასუხისმგებლოდ აცხადებენ ამის შესახებ, როგორც უკვე მომხდარ ფაქტზე, მათ, ვინც მოელის რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხებას, როგორც ჩანს, არ ესმით, რომ რუსეთთან თანამედროვე ომი მათთვის სრულიად სხვაგვარი იქნება. ჩვენ ჩვენს ტანკებს მათ საზღვრებში არ ვაგზავნით. მაგრამ ჩვენ ვიცით, როგორ გავცეთ პასუხი და ეს არ დასრულდება ჯავშანტექნიკის გამოყენებით. ეს ყველამ უნდა გაიგოს“, – განაცხადა პუტინმა სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების მე-80 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

უფრო ადრე, 25 იანვარს, მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას, პუტინმა თქვა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შეერთებულ შტატებს გერმანიის ოკუპაციის დასრულება იურიდიულად არ გაუფორმებია და იურიდიულად, ქვეყანაში ჯერ კიდევ ამერიკული საოკუპაციო ჯარები დგას.

მან სტუდენტებს უთხრა, რომ საბჭოთა ჯარებმა, რომლებიც ავსტრიაში იყვნენ განლაგებული, კეთილი ნების საფუძველზე დატოვეს იქაურობა და საბჭოთა კავშირი, მოგვიანებით კი რუსეთი გამოვიდნენ, როგორც ავსტრიის კონსტიტუციის და რესპუბლიკის ნეიტრალური სტატუსის გარანტორები. პუტინის სიტყვებით, ავსტრიის ბევრმა მცხოვრებმა ეს იცის და ემადლიერება მოსკოვს მისი ამ პოზიციისთვის.

რაც შეეხება გერმანიას, როგორც ეს პუტინმა აღნიშნა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ის ოთხ სექტორად დაყვეს – ამერიკულ, ინგლისურ, ფრანგულ და საბჭოთა. მოსკოვმა იურიდიულად გააფორმა ოკუპაციის სტატუსის დასრულება, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა არ გააკეთა ეს.

„მკაცრად რომ ვთქვათ, ოფიციალურად და იურიდიულად, ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ამერიკული საოკუპაციო ჯარები იმყოფებიან და იქ ისინი დიდი რაოდენობით არიან“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა და დაამატა, რომ თავად გერმანელი პოლიტიკოსები საუბრობენ ქვეყნის არასაკმარის დამოუკიდებლობაზე.

„თავად გერმანელი პოლიტიკოსები საუბრობენ იმაზე, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანია არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი სახელმწიფო, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“, – განაცხადა პუტინმა.

guardian.ge