ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

პუტინი „მკაცრი“ პასუხით დაემუქრა უკრაინას „ტერორისტული აქტების“ გაგრძელების შემთხვევაში

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ უკრაინაში დღეს დილით განხორციელებული თავდასხმები რამდენიმე ლოკაციაზე მოხდა. ვიდეომიმართვაში ის ამბობს, რომ შორი დისტანციის რაკეტებმა ენერგეტიკულ, სამხედრო და საკომუნიკაციო ობიექტებს მიაყენეს დარტყმები.

პუტინი გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ „მკაცრი“ პასუხი იქნება გაცემული რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ ნებისმიერ შემდგომ „ტერორისტულ აქტზე“, ასეთად კი ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქება შეფასდა.

მოელიან, რომ რუსეთის ლიდერი დღეს უშიშროების საბჭოზე განიხილავს რუსეთის ყირიმთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე გასულ დღეებში მომხდარ აფეთქებას, რაშიც ის უკრაინას ადანაშაულებს. უკრაინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

რუსეთმა დღეს დილით უკრაინის ქალაქების, მათ შორის კიევის მიმართულებით 83 რაკეტა გაუშვა – მათგან, BBC-ის ცნობით, 43-ზე მეტი ჩამოაგდეს. როგორც სააგენტო Reuters-ი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, ერთ-ერთი რაკეტა კიევში მდებარე გერმანიის საკუნსულოს შენობას მოხვდა, თუმცა უცნობია შეეწირა თუ არა ვინმე ამ სარაკეტო იერიშს.

უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგად, დაღუპული არიან სამოქალაქო პირები და დაზიანებულია რამდენიმე ძირითადი ინფრასტრუქტურის ობიექტი, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.

GUARDIAN.GE