საქართველო

პროკურატურამ ცხრა მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით – 336 772,27 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ცხრა მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით – 336 772,27 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2017 წლის თებერვალში კომპანია – შპს „ამერიკან ტრანსი“ დაარსდა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილებს ყიდულობდა და საქართველოში ჩამოჰყავდა.

2019 წელს შპს „ამერიკან ტრანსსა“ და მის წარმომადგენელს, ა.გ.-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში და საქართველოში რეგისტრირებული სხვადასხვა კომპანიის მიმართ სოლიდური დავალიანება დაუგროვდათ და ვინაიდან, ვეღარ მიიღებდა ავტომანქანებს, ა.გ.-მ დავალიანების დაფარვის მიზნით, მოტყუებით, თითქოსდა სასურველ ავტომობილებს ჩამოიყვანდა, ნდობის ბოროტად გამოყენებით, ცხრა მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით – 336 772,27 ლარს თაღლითურად დაეუფლა.

სამართალდამცველებმა ა.გ. 2021 წლის 28 აპრილს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აცხადებენ პროკურატურაში.