მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს „რესპუბლიკელების“ ლიდერი შეუერთდა

6 იანვარს, აშშ-ის კონგრესზე განხორციელებული თავდასხმის გამო „დემოკრატების“ მიერ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება ძალებს უფრო მეტად იკრებს და ამ პროცესში წარმომადგენელთა პალატის მესამე, ყველაზე წამყვანი წევრი, „რესპუბლიკელი“ ლიზ ჩეინი ერთვება, რომელიც ამბობს, რომ ტრამპის იმპიჩმენტს მისცემს ხმას.

უფრო ადრე პრეზიდენტმა კონგრესში შეჭრაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატა დღეს უყრის კენჭს ტრამპის იმპიჩმენტს ამბოხების წაქეზების ბრალდებით, და ამით იგი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელსაც იმპიჩმენტს ორჯერ გამოუცხადებენ.

რა თქვეს „რესპუბლიკელებმა“?

ლიზ ჩეინიმ, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის ქალიშვილმა, პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს ტრამპის იმპიჩმენტს. ეს კი, როგორც BBC იტყობინება, პირველი შემთხვევაა, რიჩარდ ნიქსონის თეთრ სახლში ყოფნის შემდეგ, როცა პრეზიდენტის საკუთარი პარტიის ლიდერი ამგვარ ნაბიჯს გადადგამს. ჩეინიმ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „არასდროს ყოფილა უფრო დიდი ღალატი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა მისი ოფისისა და მისი კონსტიტუციის წინაშე ფიცისადმი“.

წარმომადგენელთა პალატის სხვა ორმა „რესპუბლიკელმა“ წევრმა, ჯონ კატკომ და ადამ კინზინგერმა ასევე განაცხადეს, რომ ხმას მისცემენ ტრამპის იმპიჩმენტს.

წარმომადგენელთა პალატის ლიდერმა, კევინ მაკკარტიმ, ტრამპის მოკავშირემ, რომელმაც თქვა, რომ ეწინააღმდეგება იმპიჩმენტს, გავრცელებული ცნობებით, გადაწყვიტა, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებს პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემაზე ხელი არ შეუშალოს.

გაზეთ „The New York Times“-ის თანახმად, სენატის „რესპუბლიკელების“ ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა  თავის უახლოეს გარემოცვას უთხრა, რომ იგი კმაყოფილია იმით, რომ „დემოკრატებს“ პრეზიდენტის იმპიჩმენტი სურთ, რადგან მას სჯერა, რომ ეს ტრამპის „რესპუბლიკური პარტიიდან“ ჩამოცილებაში დაეხმარებათ.

„The Washington Post“-ის მიხედვით კი, მაკკონელმა თავის მეგობრებს ასევე ისიც უთხრა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაულები და იმსახურებს იმპიჩმენტს.

აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორება და მაიკ პენსის უარი „დემოკრატებს“

სამშაბათს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 223-205 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს, კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენებით დაეხმაროს ტრამპის გადაყენებაში. მაგრამ იმავე დღეს, უფრო ადრე პენსმა უკვე უარი უთხრა „დემოკრატებს“ ამგვარ თხოვნაზე, რაც კონსტიტუციაში შესწორების მე-4 პარაგრაფის გამოყენებით უზრუნველყოფდა  პრეზიდენტის ჩამოცილებას ოფისიდან. ეს მუხლი ნებას რთავს კაბინეტს გადააყენოს პრეზიდენტი თუკი მიიჩნევენ, რომ იგი უუნაროა, შეასრულოს თავისი უფლებამოსილება.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსისადმი გაგზავნილ წერილში პენსი ამბობს: „ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, 25-ე შესწორება არ ის დასჯის ან უზურპაციის საშუალება. 25-ე შესწორების გამოყენება ამგვარი გზით, საშინელ პრეცედენტს შექმნის“.

პენსის მიერ უარის თქმა კი იმას ნიშნავს, რომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, სადაც უმრავლესობას „დემოკრატები“ წარმოადგენენ, ტრამპის იმპიჩმენტს კენჭს უყრიან და თუკი იქ ეს საკითხი გავიდა, რისი ალბათობაც ძალიან დიდია, პროცესი სენატში გადაინაცვლებს, რომელმაც საბოლოო სიტყვა უნდა თქვას, არის თუ არა დამნაშავე აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი.

როგორც „The New York Times“-ი წერს, 20-მდე  „რესპუბლიკელი“ სენატორი მზაობას გამოხატავს პრეზიდენტის იმპიჩმენტისადმი. ტრამპის დასადანაშაულებლად კი კონგრესის ზედა პალატის – სენატის – წევრთა უმრავლესობის 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო, რაც, როგორც BBC წერს, იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე 17-მა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა უდა მისცეს ხმა პრეზიდენტის იმპიჩნმენტს.

„დემოკრატები“ იმპიჩმენტის კენჭისყრას ასევე იმაშიც გამოიყენებენ, რომ დაბლოკონ ტრამპი იმისაგან, რომ მან ოდესმე კიდევ შეძლოს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის დაკავება. ტრამპმა უკვე აჩვენა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.  

რა განაცხადა ტრამპმა?

2020 წლის 6 იანვრის არეულობის შემდეგ, ტრამპი საჯაროდ პირველად გამოჩნდა და არ ჩანდა, რომ ინანიებდა თავის კომენტარებს, რომელიც დემონსტრაციაში მონაწილე მხარდამჭერებისადმი გააკეთა მანამ, ვიდრე ისინი კონგრესის დარბაზებში შეიჭრებოდნენ.

„რაც მე ვთქვი, სრულიად მართებული იყო“, განაცხადა ტრამპმა აშშ-მექსიკის საზღვრის გამყოფ კედელთან გამგზავრებამდე. „მე ძალადობა არ მინდა“.

მან რეპორტიორებს ასევე უთხრა: „ეს იმპიჩმენტი უზარმაზარ აღშფოთებას იწვევს, და თქვენ ამას აკეთებთ, და ეს ნამდვილად საშინელი რამაა, რასაც ისინი  აკეთებენ“.

ტრამპმა განაცხადა, რომ „ნამდვილი პრობლემა“ ის რიტორიკა იყო, რომელსაც „დემოკრატები“ იყენებდნენ გასული წლის საპროტესტო გამოსვლებისა და ძალადობის დროს, ლოზუნგით – „Black Lives Matter“ („შავკანიანთა სიცოცხლეს მნიშვნელობა აქვს“).  

იმპიჩმენტის საქმის განხილვა ემყარება ტრამპის განცხადებებს თეთრ სახლთან გამართული დემონსტრაციის დროს, ვიდრე მისი მხარდამჭერები კონგრესის წარმომადგენელთა პალატაზე შეტევას შეეცდებოდნენ.

ტრამპმა 6 იანვარს, კონგრესში მისი მხარდამჭერების შეჭრამდე, კიდევ ერთხელ თქვა, რომ აშშ-ის 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა და დაჟინებით მოუწოდა შეკრებილებს გადაენაცვლათ კონგრესისკენ, რადგან კონგრესი აპირებდა ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების დამტკიცებას.

მან მხარდამჭერებს მოუწოდა წარმართულიყვნენ კონგრესისკენ „მშვიდობიანად და პატრიოტულად“, რათა „მათი ხმა შეესმინათ“, მაგრამ ამავე  დროს „ებრძოლათ ჯოჯოხეთურად“.

GUARDIAN.GE