მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

პრეზიდენტმა ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილ დირექტორს, ჯონ ბრენანს საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომის უფლება შეუჩერა

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილ დირექტორს, ჯონ ბრენანს საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომის უფლება შეუჩერა. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სარა სანდერსმა ოთხშაბათს განაცხადა. ბრენანი CIA-ის დირექტორად 2013-2017 წლებში მუშაობდა.

„ბატონი ბრენანის განვლილი გზა მის ობიექტურობას და დამაჯერებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“, უთხრა ჟურნალისტებს სანდერსმა პრესკონფერენციაზე.

თეთრმა სახლმა ივლისის ბოლოს გამოაცხადა, რომ ის სადაზვერვო სამსახურის რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნისთვის, რომელიც ტრამპს აკრიტიკებდა, საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომის უფლების შეჩერების საკითხს სწავლობდა.

სანდერსის განცხადებით, მათ შორის, ვისთვისაც  საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომის უფლების შეჩერების საკითხიც განიხილება, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორი, ჯეიმს კომიცაა.

ტრამპის აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ჯეიმს კომი, რომელმაც განცხადება „თვითერზე“ გაავრცელა.

„კიდევ ერთხელ, ეს პრეზიდენტი აგზავნის შეტყობინებას, რომ იგი დასჯის იმ ადამიანებს, ვინც არ ეთანხმება მას და დააჯილდოვებს მათ, ვინც აქებს მას… ეს პრეზიდენტი უმეგობრდება და აქებს ისეთ დესპოტებს და დიქტატორებს, როგორიცაა პუტინი და კიმ ჩენ ინი, ხოლო იმათ ვინც პატრიოტ ამერიკელებს წარმოადგენს, პატივს არ სცემს, ემუქრება და მტრებს უწოდებს, მაგალითად, ისეთ ომის გმირს, როგორიცაა ჯონ მაკკეინი; ჩვენი ქვეყნის თავისუფალი პრესის წარმომადგენლებს; და ისეთ თავდადებულ საზოგადო მოღვაწეს, როგორიცაა ჯონ ბრენანი“, წერს კომი „თვითერზე“ და განაგრძობს, რომ „ამერიკელმა ამომრჩეველმა არ უნდა გაუკეთოს იგნორირება საშინელ ქცევებს ამ პრეზიდენტისა, რომელიც ყოველ დღე ტყუილს ეუბნება ამერიკელ ხალხს, ახალისებს რასიზმს, არის ქალთმოძულე და მის ინტერსესს ყოველთვის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებზე მაღლა აყენებს“.

guardian.ge