აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

პოლიციამ ჰონგ-კონგის პარლამენტში შეჭრილი დემონსტრანტები შენობიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენებით გააძევა

ჰონგ-კონგში პარლამენტის შენობის ცენტრალურ პალატაში შეჭრილი პროტესტანტები პოლიციამ შენობიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენებით გააძევა. დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც ათეულობით მათგანმა საკანონმდებლო საბჭოს მინები ჩაამსხვრია.

არეულობები ჰონგ-კონგში ასეულობით ათასი ადამიანის მიერ სადავო ექტრადიციის კანონთან დაკავშირებით გამოხატულ მშვიდობიან პროეტსტს მოჰყვა.

ორშაბათს, გვიან ღამით, პოლიციამ გააფრთხილა პროტესტანტები, რომ უნდა გაეთავისუფლებინათ შენობა, წინააღმდეგ შემთხვევაში „სათანადო ძალას“ გამოიყენებდნენ.

როგორც BBC იუწყება, შუაღამის დადგომამდე დემონსტრანტების უმეტესობამ დატოვა შენობა, თუმცა ათეულობით პროტესტანტი, პრესის წარმომადგენლებთან ერთად ცენტრალურ პალატაში ისევ რჩებოდა. პოლიციამ სწორედ ისინი განდევნა შენობიდან.

ორშაბათისთვის მშვიდობიანი დემონსტრაციები იყო დაგეგმილი, რაც ჰონგ-კონგის ბრიტანეთიდან ჩინეთისთვის გადაცემის 22-ე წლისთავს უკავშირდებოდა.

ჰონგ-კონგი „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ შეთანხმებით სარგებლობს, რაც მისი ავტონომიის დონის გარანტიას იძლევა. მართვის სადავეების გადაცემის აღსანიშნავი პრო-დემოკრატიული ღონისძიებები ყოველს წელს ტარდება, თუმცა მიმდინარე წლის წლიურ ღონისძიებას წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი ქუჩის პროტესტი, რომელშიც მილიონობით ადამიანი მონაწილეობდა და რომელიც დაგეგმილი ექსტრადიციის კანონპროექტის შეჩერებას ითხოვდა.

დემონსტრანტებმა აიძულეს მთავრობა ბოდიში მოეხადა და შეეჩერებინა დაგეგმილი კანონპროექტის მიღება. მიუხედავად ამისა, ბევრი პროტესტანტი ამით არ დაკმაყოფილდა და უკან არ დახევას მანამ არ აპირებს, ვიდრე კანონპროექტი მთლიანად არ იქნება გაუქმებული.

guardian.ge