მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

პირი, რომელმაც აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარზე განგაში ატეხა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ოფიცერია – აშშ-ის მედია

განგაშის ამტეხი პირი („უისელბლოუერი“), რომლის ბრალდებამაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის თაობაზე გამოძიების დაწყებას დაუდო საფუძველი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ოფიცერია, იტყობინება შეერთებული შტატების მედია.

The New York Times-ის ცნობით, ოფიცერი, რომლის ვინაობაც არ გამჟღავნებულა, ერთ დროს თეთრ სახლში მუშაობდა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ცდილობდნენ „დაემალათ“ აშშ-ის პრეზიდენტის უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, იტყობინება BBC ე.წ. „განგაშის ამტეხ პირზე“ („უისელბლოუერზე“) დაყრდნობით.

ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი არ ყოფილა შენახული იმ კომპიუტერულ სისტემაში, რომელიც ჩვეულებისამებრ გამოიყენება ამგვარი ინფორმაციისთვის და ამის ნაცვლად ის ცალკე სისტემაში შეინახეს, რომელსაც „განსაკუთრებით მგრძნობიარე ხასიათის საიდუმლო ინფორმაციის“ შესანახად იყენებენ.

ვინ არის განგაშის ამტეხი პირი?

განგაშის ამტეხი პირის შესახებ ძალზე ცოტა დეტალია ცნობილი. მისმა ადვოკატმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ პირის იდენტიფიცირების მცდელობამ შესაძლოა იგი „სახიფათო მდგომარეობაში ჩააყენოს“.

ამასობაში კი გამოჩნდა აუდიო ჩანაწერი, სადაც ტრამპი მოითხოვს იცოდეს ვინ უზრუნველყო ინფორმაციით განგაშის ამტეხი პირი – და მათ „ჯაშუშობასთან ახლოს მდგომ პირებად“ აღწერს.

„მინდა ვიცოდე ვინ არის ის პერსონა, ვინ არის ის პერსონა ვინც განგაშის ამტეხ პირს ინფორმაცია მისცა. რადგან ეს ჯაშუშობასთან ახლოს დგას“, განაცხადა პრეზიდენტმა გაეროში თანამშრომლებთან კერძო საუბრისას. ჩანაწერი The Los Angeles Times-მა წარმოადგინა.

ტრამპის კომენტარები დაგმო კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სამმა კომიტეტმა, რომელთა თავმჯდომარეებიც „დემოკრატები“ არიან. ერთობლივ განცხადებაში მათ აღნიშნეს, რომ კომენტარები შეიცავდა „მოწმის დასაძრახ დაშინებას“ და მცდელობას შეფერხდეს იმპიჩმენტის გამოძიება.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ე.წ. „განგაშის ამტეხი პირის“ (უისელბლოუერი) ბრალდებას პირველად განიხილავენ, რაც შესაძლოა ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების საწინდარი გახდეს. ერთ-ერთმა „დემოკრატმა“ ამას „შემაშფოთებელი“ უწოდა, ხოლო „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა განაცხადა, რომ ეს „სამწუხაროა“. ბრალდება ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სადავო სატელეფონო საუბარს ეხება.

ბრალდების შინაარსი ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულია, მაგრამ ერთ-ერთმა წამყვანმა „დემოკრატმა“ სენატორმა ჩაკ შუმერმა მისი დაუყოვნებლივ გამოქვეყნება მოითხოვა.

ოთხშაბათ საღამოს ტრამპმა პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ არასერიოზულად მიიჩნია იმპიჩმენტის დაყენების შესაძლებლობა და თქვა, რომ ეს „კუდიანებზე ნადირობაა“.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული სტენოგრამის თანახმად, 2019 წლის 25 ივლისს ტრამპსა და ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა თავის უკრაინელ კოლეგას სთხოვა ჩაერთოს კორუფციული საქმის განხილვაში, რომელშიც აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი შესაძლო მეტოქის, ჯო ბაიდენის შვილია გარეული. ბაიდენების მიერ რაიმე კანონდარღვევა არ იკვეთება.

(Reuters-ის ფოტო: ჯო ბაიდენს იმედი აქვს, რომ აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება) 

ოთხშაბათს, „თვითერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ბაიდენმა ტრამპი „ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ „დონალდ ტრამპმა ზეწოლა მოახდინა უკრაინაზე, რათა ჩირქი მოსცხოს შიდა პოლიტიკურ ოპონენტს“.

პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრალდება კონგრესის წევრებს ოთხშაბათს ხელზე გადაეცათ. „ბრალდებები ღრმად შემაშფოთებლად აღვიქვი და ასევე ეს ბრალდებები ძალზე სარწმუნოდ მივიჩნიე“, განაცხადა ადამ შიფმა, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის „დემოკრატმა“ თავმჯდომარემ.

აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი შესაძლოა გახდეს „ღალატი, ქრთამის აღება ან სხვა მძიმე და შედარებით მსუბუქი დანაშაულები“ – პროცესი, რაც შესაძლოა თეთრი სახლის ლიდერის თანამდებობის დატოვებინების მიზეზი გახდეს.

ივლისში ტრამპმა უკრაინას სამხედრო დახმარება გაუყინა, მაგრამ დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ ეს არ იყო ზეწოლის გამოყენება უკრაინის ახალი მთავრობის მიმართ.

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრა საფუძველი გახდება იმისა, რომ საკითხმა სენატში გადაინაცვლოს და ამ უკანასკნელმა განსაჯოს დაუჭიროს თუ არა მხარი ტრამპის თანამდებობიდან გადაყენებას.

კონგრესი ნაწილობრივ ფოკუსირებული იქნება იმაზე, გამოიყენა თუ არა ბოროტად საპრეზიდენტო ძალაუფლება ტრამპმა და შეეცადა თუ არა მისი პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევისთვის უცხო ქვეყნის მთავრობისგან დახმარების მიღებას, რათა ძირი გამოეთხარა ჯო ბაიდენისთვის.

წარმომადგენელთა პალატის „დემოკრატმა“ სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ამგვარი ქმედებები შესაძლოა „საპრეზიდენტო ფიცის გატეხვად და ღალატად“ იყოს აღქმული და: „არავინ არ დგას კანონზე მაღლა“.

მაგრამ ტრამპმა ოთხშაბათს უარყო, რომ მან ზეწოლა მოახდინა ზელენსკიზე. „ეს მე არ გამიკეთებია. მე არავის დავმუქრებივარ… არავითარი ზეწოლა. ეს გაიძვერობაა, ეს ყველაფერი დიდი გაიძვერობაა“, განაცხადა ტრამპმა.

რა თქვა ტრამპმა ბაიდენზე სატელეფონო საუბრისას?

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ტრამპი უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ზელენსკისთან ნახევარსაათიან საუბარში 2016 წელს თანამდებობიდან პროკურორ ვიქტორ შოკინის ჩამოცილებას განიხილავს.

„მე გავიგე, რომ თქვენ გყავდათ პროკურორი, რომელიც ძალიან კარგი იყო და მას უფლებამოსილება შეუწყვიტეს და ეს ნამდვილად უსამართლოა“.

„ბევრი ადამიანი საუბრობს ამაზე, იმაზე, თუ როგორ მოიცილეს თქვენი ძალიან კარგი პროკურორი და როგორ იყვენ ზოგიერთი ძალიან ცუდი ადამიანები ჩართული“.

ტრამპი განაგრძობს: „არის კიდევ სხვა საკითხი. ბევრი საუბარი მიდის ბაიდენის ვაჟზე, იმაზე, რომ ბაიდენმა შეწყვიტა სისხლის სამართლის დევნა [ბაიდენის ვაჟზე] და ბევრ ადამიანს სურს გაიგოს ამის შესახებ. ასე რომ ნებისმიერი რამ, რისიც [აშშ-ის] გენერალურ პროკურორთან გაკეთება შეგიძლია, ჩინებული იქნებოდა“.

სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტი ასევე სთხოვს ზელენსკის იმუშაოს აშშ-ის გენერალურ პროკურორთან და ტრამპის პირად ადვოკატთან, რუდოლფ ჯულიანისთან იმისათვის, რომ საქმის გარშემო მეტი დეტალები გახდეს ცნობილი.

ABC-ის ახალი ამბების თანახმად, ზელენსკის მრჩეველი ამტკიცებს, რომ ბაიდენის საქმის განხილვა აშშ-ის მხრიდან უკრაინის პრეზიდენტთან ტრამპის ნებისმიერი სატელეფონო საუბრის წარმოების წინაპირობა იყო.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ტრამპს გენერალურ პროკურორთან არ უსაუბრია უკრაინაში ბაიდენის საქმის გამოძიებაზე და პროკურორ ბარს არ ჰქონია კომუნიკაცია უკრაინასთან.

guardian.ge