მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

პირველად მსოფლიოში – ამერიკელ მამაკაცს ღორის გული გადაუნერგეს

ფოტოზე: ექიმი ბართლი გრიფითი დევიდ ბენეტთან ერთად

GUARDIAN.GE – 57 წლის ამერიკელი მამაკაცი, დევიდ ბენეტი, პირველი ადამიანი გახდა მსოფლიოში, რომელსაც გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს, იტყობინება BBC. ოპერაცია 7 საათი მიმდინარეობდა და სამი დღის შემდეგ პაციენტი თავს კარგად გრძნობს. გულის ტრანსპლანტაცია მისთვის სიცოცხლის შენარჩუნების ბოლო შანსი იყო, თუმცა ჯერ უცნობია, რა იქნება მისი გადარჩენის გრძელვადიანი შანსები.

„ან უნდა მოვკვდე, ან უნდა გავიკეთო ეს გადანერგვა. ვიცი, რომ ეს სიბნელეში უმისამართოდ გასროლის მსგავსია, მაგრამ ეს ჩემი ბოლო შანსია“, – განმარტა ბენეტმა ოპერაციამდე ერთი დღით ადრე.

მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმებს აშშ-ის სამედიცინო მარეგულირებლის მხრიდან ნორმების წესებისგან გადახვევის სპეციალური ნებართვა მიეცათ ოპერაციის ჩასატარებლად, რადგან ბენეტი სხვა შემთხვევაში მოკვდებოდა. პაციენტის ჯანმრთელობის ძალიან ცუდი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისთვის ადამიანის ორგანოს გადანერგვა დაუშვებლად იყო მიჩნეული.

სამედიცინო ჯგუფისთვის, რომელმაც ტრანსპლანტაცია ჩაატარა, ეს წლების კვლევის კულმინაციაა, რამაც შეიძლება მთელ მსოფლიოში შეცვალოს ცხოვრება.