ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

პეტრო პოროშენკომ უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭომ ორშაბათს ხმა მისცა ქვეყნის ტერიტორიაზე 60 დღით საომარი მდგომარეობის გამოცხადებას.

საომარი მდგომარეობის შესახებ საბჭოს მდივნის ალექსანდრ ტურჩინოვის წინადადებას მხარი უკრაინის პრეზიდენტმა დაუჭირა.

პეტრო პოროშენკომ მოუწოდა უმაღლესი რადას დეპუტატებს საომარი მოქმედებების დაწესების შესახებ საკითხი ორშაბათს დახურულ სხდომაზე განიხილონ.

სხდომა, რომელმაც აღნიშნული საკითხი უნდა განიხილოს ადგილობრივი დროით 16:00 საათზე არის დანიშნული.

BBC-ის ცნობით, რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და შეიპყრეს უკრაინული საზღვაო სატრანსპორტო საშუალებები ყირიმის ნახევარკუნძულთან, რა დროსაც დაზიანებები მიიღო უკრაინული ეკიპაჟის რამდენიმე წევრმა. ინციდენტის ამგვარ განვითარებაში კი ორივე ქვეყანა ბრალდებებს ერთმანეთს უყენებს.

როგორც BBC იუწყება, კრიზისი მაშინ დაიწყო, როცა რუსეთმა ბრალი დასდო უკრაინულ გემებს მის ტერიტორიულ წყლებში არაკანონიერად შესვლაში.

რუსებმა ტანკერი ქერჩის სრუტეში ხიდის ქვეშ განათავსეს. აზოვის ზღვაში შესვლა კი, რომელიც საზიაროა ორივე ქვეყნისთვის, მხოლოდ აღნიშნული მარშრუტით არის შესაძლებელი.

GUARDIAN.GE