საქართველო

პარლამენტის ბიურომ 18-21 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა, მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგზე იმსჯელეს და 18-21 თებერვლის პლენარული სხდომებზე განსახილველი საკითხები განსაზღვრეს.

პლენარული სხდომების დღის წესრიგს რამდენიმე ახალი საკითხი დაემატა, მათ შორის, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენება, დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის კარლო კოპალიანის ადგილმონაცვლის ვალერი გელაშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“, დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, სხვა რამდენიმე კანონპროექტი და სარატიფიკაციო დოკუმენტი – „საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1995 წლის 9 იანვრის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ოქმი. ასევე რამდენიმე კომიტეტის ანგარიში 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.

ბიურომ ასევე იმსჯელა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე.

ბიუროს წარედგინა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საპროკურორო საბჭოს მიერ საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პარლამენტისთვის ასარჩევად წარმოდგენილი ირაკლი შოთაძის კანდიდატურის შესახებ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ბიუროს წინაშე დააყენა წინადადება, რომ ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე, პირდაპირ კენჭისყრაზე გამოიტანონ.

მისი თქმით, საქმე ისაა, რომ წინა დღეს კომიტეტში გაიმართა გენერალური პროკურორობის კანდიდატის მოსმენა და ამ პროცესზე, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, ყველა დაინტერესებულ პირს – პარლამენტის წევრებსაც და მოქალაქეებსაც შესაძლებლობა მიეცათ, სურვილის შემთხვევაში, დაესვათ კითხვები და მიეღო პასუხები.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ სახელით, ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ ფრაქცია პლენარულ სხდომას, რომელზეც გენერალური პროკურორის არჩევის საკითხი განიხილება, ბოიკოტს უცხადებს იმ მოტივით, რომ საკითხი „წინასწარ, პოლიტიკურად არის გადაწყვეტილი“.

ლევან კობერიძემ ასევე მოითხოვა პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ რეაგირება მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ რეგლამენტის დარღვევაზე, ვინაიდან მისი თქმით, ფრაქციის მოთხოვნის მიუხედავად, მინისტრი დღემდე არ გამოცხადდა კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტისადმი მოწერილ წერილში აცხადებს, რომ ფრაქციის მიერ წამოჭრილი საკითხებთან დაკავშირებით, მას სჭირდება გარკვეული დრო და კომიტეტის სხდომაზე ის აუცილებლად მოვა.

„მინისტრმა წერილით მიმართა კომიტეტს, გადაწყვეტილება არის კომიტეტის მისაღები, შესაბამისად, მე კომიტეტის კომპეტენციაში არ ჩავერევი. რაც შეეხება ჩემს პირად უფლებამისილებას და პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ადრეც გითხარით და შევასრულე და ახლაც გეუბნებით, რომ ის კომიტეტზე აუცილებლად გამოცხადდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამავე ფრაქციის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმამოითხოვა მოკვლევის ჯგუფის შექმნა გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარსულთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა იგი სილქნეტის იურიდიულ კონსულტანტად.

„თქვენ, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ბევრად უკეთესად ასრულებთ თქვენს ფუნქციას, ვიდრე დანარჩენი საპარლამენტო პარტიული ოპოზიცია, რომელმაც ქუჩა აირჩია. მათგან განსხვავებით თქვენ ხართ ბიუროზე, ხართ ფორმატებში და ოპონირებას გვიწევთ, რაც მისასალმებელია. მესმის თქვენი ემოციების, მაგ ლოგიკაში გამოგყვებოდით, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: მე შეგახსენებთ ოდირის დასკვნას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით. თქვენ საუბრობდით მოკვლევის ჯგუფებზე და ცალკე მოსმენების გაკეთებაზე. მე შეგახსენებთ, რომ ოდირმა გააკეთა შემდეგი შეფასება, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არა მოსამართლეების შესარჩევად, არამედ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენაო – აი ეს წერია სიტყვასიტყვით ოდირის დასკვნაში. შესაბამისად, ამ საარჩევნო წელს, როდესაც არის ასეთი უთანხმოება, მათ შორის ძირითად პოლიტიკურ საკითხებზე, მე ნამდვილად არ მაქვს იმის რწმენა, რომ თქვენ მიერ შემოთავაზებული მოკვლევის ჯგუფი, თუ სხვა რომელიმე ჯგუფი, იქნება ობიექტური შემფასებელი რომელიმე პროცესის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის წარმომადგენელთა საპასუხოდ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ასევე გამოეხმაურა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ განცხადებას დღევანდელი პლენარული სხდომის ბოიკოტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ყველა წარმატებული კომპანიაა დაინტერესებული ყოფილი მთავარი პროკურორი ჰყავდეს თავის კომპანიაში იურისტად. ასე ხდება ყველა ქვეყანაში, შტატებში, დასავლეთში და ნებისმიერ პირობას თანხმდებიან ხოლმე, აქ კი ოპოზიციამ ორი დღეა ამით „შექმნა“ აპოკალიფსი.

მამუკა მდინარაძემ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ირაკლი შოთაძის გულწრფელობა სპეკულაციებით დაისაჯა და იქვე სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ არავინ აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ დღეს პარლამენტი ისმენს პარლამენტის თავმჯდომარის 2019 წლის მუშაობის ანგარიშს.

„ ყველაზე ცუდი რა არის, როცა დღეს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშია, სადაც ქართველმა საზოგადოებამ უნდა მოისმინოს 400-ზე მეტი კანონი და 1000-ზე მეტი დადგენილება და ასე შემდეგ რომ მივიღეთ, ამაზე რომ ვიმუშავეთ, კომიტეტებმა იმუშავეს, დეპუტატებმა, აპარატებმა უამრავი ენერგია ჩადეს ამ ყველაფერში. დღეს არის ის დღე, როდესაც 2019 წელზე ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს, როცა მოწვეული არიან მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები და გარეთ რამდენიმე ათეულ კაცს რა უნდა? რას იტყვიან, რას ვაპროტესტებთო? და თქვეს იმ 15 წამს ვაპროტესტებთ, როცა ვიღაცამ ღილაკზე ხელი უნდა დააჭიროს შოთაძის ასარჩევად და ამ 15 წამიანი პროცედურის გამო პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში არავინ უნდა ახსენოს, საერთოდ არ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, თუ რა გააკეთა პარლამენტმა 2019 წელს? ეს არის მათი დღის წესრიგი. მათი ინტერესი არ არის ილაპარაკონ თემებზე, რომლებიც მაგალითად ჩაიდო იმ 400-ზე მეტ კანონში. იქ ხომ უამრავი ისეთი გადაწყვეტილება იყო მიღებული პარლამენტის მიერ, რომელიც მოქალაქეების კონკრეტულ საჭიროებებზეა მორგებული. ყველანაირი მათი პიარული მცდელობა, რომ ეს არ გავიდეს გარეთ, გადაიფარება საბოლოოდ იმით, რომ თითოეულ ადამიანთან მაინც მიდის ეს გადაწყვეტილებები აღსრულების პროცესში და ამაზე ისაუბრებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

საბოლოოდ, ბიურომ მხარი დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის წინადადებას გენერალური პროკურორის არჩევის საკითხთან დაკავშირებით.

ბიურომ მიიღო პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მომართვა პოლიტიკური მოსაზრებების და პოლიტიკური შეხედულებების გამო პარლამენტის 18-21 თებერვლის პლენარულ სხდომებზე არდასწრების შესახებ, ასევე, ფრაქციების „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისათვის“, „ევროპული საქართველო – რეგიონების“ და პარლამენტის წევრის რამაზ ნიკოლაიშვილის მომართვა პოლიტიკური ბოიკოტის გაგრძელებისა და პარლამენტის 18-21 თებერვლის პლენარულ სხდომებზე არდასწრების შესახებ.

პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო კომიტეტების მიერ წარმოდგენილი 2020 წლის სამოქმედო გეგმები, კომიტეტების დასკვნები ცალკეულ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აუდიტის ანგარიშების შესახებ, გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე კანონპროექტის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ და განსაზღვრა მათი განხილვის ახალი ვადები.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.