ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

პარიზში ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა – მოკლულია ერთი და დაჭრილია ოთხი ადამიანი

დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ერთი პირი მოკლა და ოთხი დაჭრა, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია, პარიზის ცენტრში, ღამის ცხოვრებით ცნობილ რესტორნებით და კაფეებით სავსე რაიონში, რასაც საფრანგეთის ოფიციოზმა ტერორისტული თავდასხმა უწოდა.

თავდამსხმელი პოლიციის მიერ ოპერას რაიონში ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული. თვითმხილველთა თქმით, მათ ესმოდათ ყვირილი „ალაჰ აქბარ“.

მოგვიანებით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ განაცხადა, რომ შაბათ საღამოს პარიზში თავდასხმა მისმა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა განახორციელა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „თვითერზე“ ფრანგულ ენაზე დაწერა: „საფრანგეთმა კიდევ ერთხელ გაიღო სისხლი, მაგრამ თავისუფლების იოტისოდენსაც კი არ გაიღებს მტრებისთვის“.

როგორ განვითარდა მოვლენები?

რგორც BBC იუწყება, თავდამსხმელმა პარიზის ცენტრში გამვლელბზე თავდასხმა შაბათ საღამოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:00 საათზე დაიწყო. ის ასევე ცდილობდა რამდენიმე ბარსა და რესტორანში შესვლას, მაგრამ ამის საშუალება მას შიგნით მყოფმა მოქალაქეებმა არ მისცეს.

პოლიცია შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა. სამართალდამცველები თავდაპირველად ცეცხლსასროლი იარაღის ჰაერში გასროლით ცდილობდნენ თავდამსხმელის შეჩერებას, თუმცა ეს ვერ მოხერხდა და იძულებულნი გახდნენ მისი ლიკვიდაცია მოეხდინათ.

თავდამსხმელის იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა.