აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი, გენერალი ფერვეზ მუშარაფი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა

პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი, გენერალი ფერვეზ მუშარაფი, რომელმაც ძალაუფლება 1999 წელს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოიპოვა, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქვეყნის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყოფილი ლიდერი, რომელიც 2001-2008 წლებში იყო პრეზიდენტი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

განცხადებაში, სამხედროები გამოთქვამენ „გულწრფელ მწუხარებას“ და დასძენენ: „ალაჰმა გაანათლოს გარდაცვლილის სული და ძალა მისცეს მის ოჯახს“.

მუშარაფის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოხატეს პაკისტანის პრეზიდენტმა არიფ ალვიმ, პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა და ქვეყნის სამხედრო ლიდერებმა.

როგორც BBC წერს, ფერვეზ მუშარაფი მკვლელობის არაერთმცდელობას გადაურჩა და მებრძოლ ისლამისტებსა და დასავლეთს შორის ბრძოლის ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა. მან მხარი დაუჭირა აშშ-ის „ტერორიზმთან ომს“ 11 სექტემბრის შემდეგ, მიუხედავად შიდა წინააღმდეგობისა. 2008 წელს მან არჩევნებში დამარცხება განიცადა და ექვსი თვის შემდეგ ქვეყანა დატოვა.

როდესაც ის 2013 წელს პაკისტანში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დაბრუნდა, დააკავეს და კენჭისყრა აუკრძალეს. მას ბრალი სახელმწიფო ღალატში წაუყენეს და დაუსწრებლად სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს, თუმცა ერთ თვეზე ნაკლებ დროში აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა.

მუშარაფმა 2016 წელს დატოვა პაკისტანი, დუბაიში სამკურნალოდ გაემგზავრა და მას შემდეგ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ემიგრაციაში იმყოფებოდა.

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ „BBC“-ზე დაყრდნობით