აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის წინააღმდეგ მასშტაბური ომის განზრახვის შესახებ განაცხადა

ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ აზერბაიჯანის ქმედებებისთვის შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი მიზეზი და ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, საზღვრის რომელიმე მონაკვეთზე სამხედრო ესკალაციის დასაწყისი, სომხეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბურ ომში გადაზრდის პერსპექტივით, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ეს განზრახვა გამომდინარეობს ოფიციალური ბაქოს ოფიციალური განცხადებებიდან და ქმედებებიდან. სომხეთის მინისტრთა კაბინეტის პოლიტიკა – მოვლენების ასეთი განვითარების აღკვეთა აქტიურ მოლაპარაკებებში ჩართვის გზით, ამავე დროს, საჭიროა სომხეთის ყველა ლეგიტიმური ინტერესის დაცვის პოზიციებზე მტკიცედ დგომა. ეს ლეგიტიმური ინტერესები სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აზერბაიჯანი განაგრძობს მუქარის რიტორიკას სომხეთის არმიის რეფორმისა და შეიარაღების, ტექნიკის შეძენის გამო.

„ძლიერი და ბრძოლისუნარიანი არმია არის ყველა ქვეყნის კანონიერი უფლება. ამას ვერავინ უარყოფს. სომხეთი აღიარებს ყველა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და არ მისდევს რამე მიზნებს თავისი ტერიტორიის საზღვრებს გარეთ. ეს არის ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგია, რადგან, მიმაჩნია, რომ ლეგიტიმურობა სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. თავდაცვის სფეროში სომხეთი მისდევს მხოლოდ ლეგიტიმურ მიზნებს – თავისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაცვა. ვერცერთი ქვეყანა ვერასდროს დაადანაშაულებს სხვა ქვეყანას ამ მიზანში“, – თქვა ფაშნიანმა.

სომხეთის პრემიერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მხარს უჭერს სამშვიდობო დღის წესრიგს და დაადასტურა მზადყოფნა, მიიღოს გადაწყვეტილებები შეთანხმებული პრინციპების ფარგლებში, რაც გულისხმობს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას, საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის ჩატარებას.

„ზემოთ ხსენებულთან ერთად, უნდა აღვნიშნო ჩვენი მზადყოფნა, გავხსნათ რეგიონული კომუნიკაციები ქვეყნების სუვერენიტეტის, იურისდიქციის, თანასწორობისა და ურთიერთგების საფუძველზე“, – განაცხადა ფაშინიანმა, რომლის კომენტარს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ ავრცელებს.