აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ნეთანიაჰუმ გააფრთხილა „ჰამასი“, რომ ისრაელი მის წინააღმდეგ „უზარმაზარ ძალას“ გამოიყენებს

პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააფრთხილა ჰამასის მებრძოლთა დაჯგუფება, რომ ისრაელი მის წინააღმდეგ „უზარმაზარ ძალას“ გამოიყენებს. მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალების შურისძიება ისრაელის მიწაზე ათწლეულების განმავლობაში ყველაზე საშინელი თავდასხმის საპასუხოდ, მხოლოდ ახლა დაიწყო.

დაახლოებით 900 ადამიანი დაიღუპა ისრაელში 7 ოქტომბერს, დილას, „ჰამასის“ მიერ წამოწყებული მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ, მათ შორის 260 ადამიანი „ჰამასის“ შეიარაღებულმა პირებმა მუსიკალურ ფესტივალზე მოკლეს. მას შემდეგ კი, რაც ისრაელმა საპასუხოდ ღაზაზე დარტყმები დაიწყო, პალესტინის მხარეზე თითქმის 690 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრისას, „ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი გაიტაცეს და მათი ოჯახები უიმედოდ ელოდებიან ინფორმაციას მძევლების შესახებ.

„ჰამასის“ შეიარაღებული ფრთა მძევლების მოკვლით იმუქრება ყოველ ჯერზე, როცა კი ისრაელი მშვიდობიანი მოსახლეობის გაფრთხილების გარეშე საჰაერო თავდასხმას ახორციელებს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბრძანება გასცა ღაზას სექტორის „სრულად ალყაში მოქცევის“ შესახებ, რის შედეგადაც საკვების, საწვავის, ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეწყდა.