ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ნატომ უარი უთხრა უკრაინას ალიანსში გაწევრიანების ვადის მიცემაზე

ნატოს წევრმა ქვეყნებმა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა გაწევრიანების „აბსურდული“ გადადება, განაცხადეს, რომ უკრაინას შეუძლია შეუერთდეს სამხედრო ალიანსს „როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები დაკმაყოფილებული იქნება“. კომუნიკეში ნატომ თქვა, რომ აღიარებს უფრო სწრაფად მოქმედების აუცილებლობას, მაგრამ ვადების დაკონკრეტებაზე არ იქნება ორიენტირებული.

მანამდე, ვილნიუსში ნატოს სამიტზე მყოფმა ზელენსკიმ თქვა, რომ როგორც ჩანს, „არავითარი მზადყოფნა“ არ არსებობს უკრაინის ნატოში მიწვევის ან გაწევრიანების მხრივ.

კიევი აღიარებს, რომ ვერ შეუერთდება ნატოს, სანამ რუსეთთან ომშია, მაგრამ მას სურს, რაც შეიძლება მალე გახდეს ალიანსის წევრი, როგორც კი რუსეთთან ომი დასრულდება. მაგრამ ზელენსკიმ, სტოლტენბერგის კომენტარებამდე „ტვიტერზე“ დაწერა, რომ შეთანხმებული ვადის არარსებობა ნიშნავს, რომ მისი ქვეყნის საბოლოო წევრობა შეიძლება ვაჭრობის საგანი გახდეს. „უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე რუსეთთან მოლაპარაკებების საწარმოებლად შესაძლებლობის ფანჯარა რჩება. გაურკვევლობა სისუსტეა“, – თქვა მან.

ნატოს, მართალია, არ უთქვამს როდის და როგორ შეუერთდება უკრაინა ალიანსს, მაგრამ დიპლომატებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გაწევრიანებისკენ უფრო მკაფიო გზა დასახეს და განაცხადის რთული პროცესი მნიშვნელოვნად შემცირდა.

ალიანსმა აღიარა, რომ უკრაინის არმია სულ უფრო „თავსებადი“ და უფრო „პოლიტიკურად ინტეგრირებულია“ ნატოს ძალებთან და ის განაგრძობს უკრაინის დემოკრატიისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმების მხარდაჭერას.

დიპლომატებმა ასევე ხაზი გაუსვეს ნატო-უკრაინის ახალი საბჭოს შექმნას, რომელიც ოთხშაბათს პირველად შეიკრიბება და რომელიც კიევს უფლებას მისცემს მოიწვიოს მთელი ალიანსის შეხვედრები. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილება, რომლითაც ალიანსში უკრაინის მიღების დრო არ განისაზღვრა, უკრაინისთვის წარუმატებლობად აღიქმება.

როგორც BBC წერს, ზელენსკის გადაწყვეტილებამ, ეთქვა, რომ გრაფიკის არარსებობა იყო „აბსურდი“, მხოლოდ ხაზი გაუსვა მის დიპლომატიურ წარუმატებლობას.

ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყანა შიშობს, რომ უკრაინის თითქმის ავტომატურად გაწევრიანებამ შეიძლება რუსეთს ომის ესკალაციისა და გახანგრძლივების სტიმული მისცეს. ახლა ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ რა გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიებს დაჰპირდებიან ნატოს წევრები უკრაინას, როგორც ადრეული წევრობის ალტერნატივას.

წარსულში, დასავლეთის უსაფრთხოების დაპირებებმა ვერ შეაჩერა ორი რუსული შეჭრა. ნატოს მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ მესამე რაუნდი იქნება საკმარისად ძლიერი და აშკარა, რათა დაარწმუნოს კრემლი, რომ შემდგომი აგრესია ძალიან ძვირი დაჯდება.

მოგვიანებით, ვილნიუსში შეკრებილი ხალხისადმი მიმართვისას, ზელენსკიმ თქვა: „ნატო უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უკრაინა გააძლიერებს ალიანსს“.

ნატოს ვილნიუსის სამიტამდე ერთი დღით ადრე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი, რასაც ნატოს მეთაურმა, იენს სტოლტენბერგმა „ისტორიული ნაბიჯი“ უწოდა. შვედეთი ნატოს წევრი 32-ე ქვეყანა გახდება მას შემდეგ, რაც საკითხის რატიფიცირებას უნგრეთის და თურქეთის პარლამენტები მოახდენენ.

შვედეთმა და მისმა აღმოსავლელმა მეზობელმა ფინეთმა, ორივემ – ნეიტრალიტეტის ხანგრძლივი ისტორიით – თავიანთი განზრახვის შესახებ, შეერთებოდნენ ნატოს, გასული წლის მაისში განაცხადეს, რამდენიმე თვის შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო უკრაინაში. ფინეთი ალიანსს ოფიციალურად მიმიმდინარე წლის აპრილში შეუერთდა.

ვილნიუსის სამიტზე ასევე გამოცხადდა უკრაინის სამხედრო პაკეტების სერია.

11 ქვეყნის კოალიცია დაიწყებს უკრაინელი მფრინავების წვრთნას აშშ-ის წარმოების F-16 გამანადგურებლების ფრენისთვის ცენტრში, რომელიც აგვისტოში რუმინეთში განთავსდება.

მაისში შეერთებულმა შტატებმა ნება მისცა მის დასავლელ მოკავშირეებს მიეწოდებინათ უკრაინისთვის მოწინავე თვითმფრინავები, მათ შორის დიდი ხნის განმავლობაში ნანატრი F-16-ები – რაც მნიშვნელოვანი განახლებაა საბჭოთა პერიოდის თვითმფრინავებთან შედარებით, რომელსაც კიევი ამჟამად იყენებს.

უკრაინამ არაერთხელ მოუწოდა თავის დასავლელ მოკავშირეებს, რათა მიეწოდებინათ თვითმფრინავები ახლახან დაწყებულ კონტრშეტევაში დასახმარებლად, რომლის მიზანი რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიის დაბრუნებაა.

თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადებას დასავლური თვითმფრინავების ფრენისა და მართვისთვის, გარკვეული დრო დასჭირდება.

ამავდროულად, რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თქვა, რომ მოსკოვი იძულებული იქნება გამოიყენოს „მსგავსი“ იარაღი, თუ აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას მიაწვდის. აღნიშნული იარაღი მცირე კალიბრის ბომბებს ავრცელებს ფართო ტერიტორიაზე და აკრძალულია 100-ზე მეტი ქვეყნის მიერ, მშვიდობიან მოსახლეობაზე მათი ზემოქმედების გამო.

შოიგუმ თქვა, რომ რუსეთს აქვს მსგავსი კასეტური იარაღი, მაგრამ ჯერჯერობით თავს იკავებს მისი გამოყენებისგან.

უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ რუსეთმა და უკრაინამ უკვე გამოიყენეს კასეტური საბრძოლო მასალები ომის 17 თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რუსეთი გასული წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა.

მომზადებულია BBC-ზე დაყრდნობით, GUARDIAN.GE -ის მიერ