აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

მოკლულია 63 ადამიანი და დაჭრილია 180-ზე მეტი ავღანეთის დედაქალაქში, ქორწილში თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქების შედეგად

მოკლულია 63 ადამიანი და დაჭრილია 180-ზე მეტი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, საქორწინო ცერემონიის დროს თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქების შედეგად.

როგორც BBC იუწყება, აფეთქება შაბათს ღამით, დგილობრივი დროით 22:40 საათზე, ქაბულის დასავლეთ ნაწილში, ძირითადად შიიტი მუსლიმებით დასახლებულ რაიონში მოხდა.

„თალიბანმა“ უარყო, რომ აფეთქების უკან თავად იდგა. არც ერთ სხვა დაჯგუფებას მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

ავღანეთსა და პაკისტანში უმცირესობაში მყოფი შიიტი ჰაზარა მუსლიმები არაერთხელ გამხდარან სუნიტი მებრძოლების, მათ შორის „თალიბანის“ და „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების სამიზნე.

აფეთქებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა დაღუპულთა შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

ავღანეთში ქორწილებზე დიდ დარბაზებში ხშირად ასეულობით სტუმარი იკრიბება და მამაკაცები ჩვეულებისამებრ განცალკევებულნი არიან ქალებისა და ბავშვებისაგან.

ქორწილის სტუმარმა მუჰამედ ფარჰაგმა განაცხადა, რომ იგი ქალების სექციაში იმყოფებოდა, როდესაც აფეთქების უზარმაზარი ხმა გაიგო იმ ადგილიდან, სადაც მამაკაცები იმყოფებოდნენ.

„ყველა გარეთ გარბოდა ყვირილით და წივილ-კივილით. დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში დარბაზი კვამლით იყო სავსე. მამაკაცების სექციაში თითქმის ყველა ან მკვდარია ან დაჭრილი. ახლა, აფეთქებიდან 2 საათის შემდეგ, ჯერ კიდევ ცხედრები გამოჰყავთ დარბაზიდან“, უთხრა მან ახალი ამბების სააგენტო AFP-ს.

მიმტანმა საიედ აღამ განაცხადა, რომ აფეთქების შემდეგ „ყველა გარბოდა“.

„ჩვენი მიმტანებიდან რამდენიმე მოკლულია ან დაჭრილი“, დაამატა მან.

„თალიბანის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რო დაჯგუფებამ „მკაცრად დაგმო“ თავდასხმა.

„არ არსებობს გამართლება ამგვარი განზრახ დაგეგმილი მხეცური მკვლელობისა, რომლის სამიზნეც ქალები და ბავშვები არიან“, განაცხადა ზაბიულაჰ მუჯაჰედმა მედიისთვის გავრცელებულ ტექსტურ შეტყობინებაში.

guardian.ge