მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

მოკლულია 20 და დაჭრილია 26 ადამიანი ტეხასის ქალაქ ელ პასოს ჰიპერმარკეტში განხორციელებული მასობრივი სროლების შედეგად

მოკლულია 20 და დაჭრილია 26 ადამიანი ტეხასის ქალაქ ელ პასოს ჰიპერმარკეტში შაბათს, ადგილობრივი დროით დილის დაახლოებით 10:35 საათზე დაწყებული მასობრივი სროლების შედეგად.

შტატის გუბერნატორმა გრეგ აბოტმა მომხდარს უწოდა „ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დღე ტეხასის ისტორიაში“.

მასობრივი ხოცვა-ჟლეტა აშშ-მექსიკის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ჰიპერმარკეტ Walmart-ში მოხდა.

დაკავებულია 21 წლის მამაკაცი, რომელიც ერთადერთი ეჭვმიტანილია ამ საშინელ დანაშაულში. პოლიციამ განაცხადა, რომ იგი დალასის მიმდებარე ქალაქ ალენის მკვიდრია, რომელიც დაახლოებით1 046 კილომეტრითაა დაცილებული ელ პასოდან.

აშშ-ის მედიამ დანაშაულში ეჭვმიტანილის ვინაობა გაამჟღავნა. იგი პატრიკ კრუსიუსია.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდასხმა აღწერა, როგორც „ლაჩრობის აქტი“.

„ვიცი, რომ ამ ქვეყნის ყველა მოქალაქის სათქმელს ვამბობ ამ დღევანდელი საზიზღარი ქმედების დაგმობით. არ არსებობს მიზეზები და ბოდიშები, რომელიც ოდესმე გაამართლებს უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.

თავდახმის შედეგად მოკლულთა ვინაობა ჯერჯერობით არ დასახელებულა, მაგრამ ამის მიუხედავად მექსიკის  პრეზიდენტმა მანუელ ლოპეს ობრადორმა განაცხადა, რომ მოკლულთა შორის სამი მექსიკელია, იუწყება „როიტერსი“.

ტეხასის ტრაგედია აშშ-ის თანამედროვე ისტორიის 8 ყველაზე საშინელ და სისხლიან თავდასხმად შეფასდა.

პოლიცია და ფედერალური საგამოძიებო ბიურო (FBI ) იძიებს დაწერა თუ არა შეიარაღებულმა მამაკაცმა თეთრკანიანი ნაციონალისტის „მანიფესტი“, რომელიც ონლაინ ფორუმზეა გაზიარებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ თავდასხმის სამიზნე ადგილობრივი ლათინოამერიკელი საზოგადოება იყო.

guardian.ge